ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში - კიდევ რა ტენდერებში გაიმარჯვეს ბრალდებულთა კომპანიებმა

2 hours ago 4

ბრალდების თანახმად, ქარელისა და მარნეულის საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად მიმწოდებელ კომპანიებს ცხენის ხორცი შეჰქონდათ.

ინფორმაცია ქარელის საბავშვო ბაღებში სავარაუდოდ ცხენის ხორცის შეტანაზე თავდაპირველად, 3 აგვისტოს ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა (ამბავი სახელმწიფომ მაისში შეიტყო სურსათის სააგენტოს კვლევით).

4 აგვისტოს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ როგორც ქარელის, ასევე მარნეულის ერთმანეთის მსგავს შემთხვევებზე ორი სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები დააკავეს.

  • ქარელის კონკრეტული ტენდერის ღირებულება 173 000 ლარი იყო, მარნეულისა კი - 229 000 ლარამდე.
  • მათ სხვა არაერთი ტენდერი ჰქონდათ მოგებული - ასიათასობით ლარის მოცულობით.

ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში

„ქართლის ამბები“ 3 აგვისტოს წერდა, რომ ქარელის საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში, - რომელიც საქონლის ხორცი უნდა ყოფილიყო, - ცხენის დნმ-ის კვალს გეგმური შემოწმების დროს მიაგნეს.

„2026 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები „ქართლის ამბებისთვის“ გახდა ცნობილი, თუმცა უმალავდნენ საბავშვო ბაღებს“, - წერდა მედია.

„ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, ცხენის ხორცი აღმოჩნდა ქარელის #2 საბავშვო ბაღიდან შემთხვევით აღებულ ნიმუშში. იმავე ხორცს აწვდიდნენ მუნიციპალიტეტის 24-ვე ბაღს“, - წერდა „ქართლის ამბები“.

„პირველად თქვენგან მესმის ინფორმაცია, რომ მასში ცხენის ხორცი აღმოჩნდა“ - უთხრა მედიას ქარელის მეორე საბავშვო ბაღის დირექტორმა, ქეთევან კურმაშვილმა.

დააკავეს კომპანიების დირექტორები

გამოძიების ვერსიით, ორ კომპანიას მოგებული ჰქონდა მარნეულისა და ქარელის ბაგა-ბაღების გაერთიანებების ტენდერები და ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება.

თუმცა მათმა დირექტორებმა „2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“, - აცხადებს სუსი.

ეს კომპანიებია:

  • „ბი.ჯი.ემ.1“
  • „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმა“

„ბი.ჯი.ემ1-ის“ დირექტორიც და მფლობელიც ვინმე არჩილ დალაქიშვილია, 39 წლის კაცი. ხოლო მეორე კომპანიისა - 53 წლის მამუკა მენთეშაშვილი.

მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

₾173 ათასი ქარელის ტენდერში

ქარელის ბაღების გაერთიანებამ „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმასთან“ კონტრაქტი 2025 წლის 30 დეკემბერს გააფორმა, 10 ივნისს კი ცალმხრივად შეუწყვიტა.

ეს კონტრაქტი 173 600 ლარის ღირებულების იყო და ითვალისწინებდა, რომ 2026 წლის 8 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ქარელის 24 საბავშვო ბაღისთვის მიეწოდებინა 5100 კგ საქონლის ხორცი და 2800 კგ ქათმის ფილე.

ეს უნდა ყოფილიყო „ახალი საქონლის ხორცი, უძვლო, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის“ და „ქათმის მკერდის ნაწილი, გაყინული მშრალი გაყინვის მეთოდით“.

ეს კონტრაქტი ქარელის სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებამ 10 ივნისს შეწყვიტა კომპანიის მხრიდან პირობების დარღვევის საფუძველზე.

₾218 ათასი მარნეულის ტენდერში

ხელშეკრულება დაიდო 20 იანვარს - კომპანიას უნდა მიეწოდებინა 6733 კგ საქონლის ახალი ხორცი და 3080 კგ ქათმის ფილე (გაყინული, A კატეგორიისა).

„მისაწოდებელი საქონლის საერთო ღირებულება შეადგენს 218 357 ლარს“, - წერია კონტრაქტში.

ხელშეკრულება 20 იანვარს შევიდა ძალაში და 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

„მოსაწოდებელი საქონელი უნდა შეესაბამებოდეს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 სექტემბრის #301/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სასურსათო ნედლეულის კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესების და ნორმების მოთხოვნებს“, - ასეთია ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი.

თუმცა კომპანიას 17 ივნისს შეუწყვიტეს ხელშეკრულება. ეს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 25 მაისის წერილის (სავარაუდოდ, საკვების შემოწმების შესახებ ანგარიშის) საფუძველზე.

17 ივნისით დათარიღებულ წერილში მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ კარამოვი არჩილ დალაქიშვილს, კომპანიის დირექტორს სწერს:

„იძულებულნი ვართ, ჩვენს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების … მიხედვით, არაჯეროვანი შესრულების შესაბამისად, შეწყდეს ჩვენს შორის დადებული … ხელშეკრულება“.

სხვა კონტრაქტები

ამ კომპანიებს კონტრაქტებიც აქვთ სახელმწიფოსთან.

მაგალითად: „ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ შემდეგი კონტრაქტები აქვს:

  • სიღნაღის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებასთან - 128 730 ლარი 1510 კგ ქათმის ფილესა და 3080 კგ საქონლის ხორცში; თუმცა ეს კონტრაქტი 17 ივნისს შეუწყვიტეს - „ვინაიდან მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით. გათვალისწინებული პირობები და ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“;
  • თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრთან - 187 304 ლარის მოცულობის კონტრაქტი ქართული საქონლის ხორცსა და ჩინური ქათმის ფილეს მიწოდებაზე; თუმცა ეს კონტრაქტიც შეწყვეტილია მსგავსი საფუძვლით - 2 ივლისს; მას დაავალეს პირგასამტეხლოს სახით 9636 ლარის გადახდა;

რაც შეეხება „ბი.ჯი.ემ1-ს“:

  • 2025 წლის 12 დეკემბერს დადებული 103 220 ლარის ღირებულების კონტრაქტი „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან“ - საქონლისა და ქათმის ხორცის შესყიდვაზე; 15 ივნისს ეს ხელშეკრულებაც გაწყდა. ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი წერს:
  • „22 მაისს მიმწოდებელს უნდა მოეწოდებინა 50 კგ საქონლის ხორცი ახალი (გაუყინავი), თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩატარებული შემოწმებისა და მის ფარგლებში აღებულ ნიმუშში ლაბორატორიის გამოცდის ოქმის შესაბამისად აღმოჩენილი იქნა ცხენის ხორცის დნმ“;

2025 წლის 22 დეკემბერს ამ კომპანიასთან 393 190 ლარის ღირებულების კონტრაქტი დადო თბილისის ზოოპარკმა, სავარაუდოდ, მტაცებელი ცხოველების კვების მიზნით. კომპანიას უნდა მიეწოდებინა ქათმის ხორცი (ბარკალი), ქათმის ფილე, ასევე „საქონლის, ცხენის ან ვირის გული“ და ამავე წარმოშობის ხორცი.

„ბი.ჯი.ემ1“ წინა წლებშიც იღებდა ტენდერებში მონაწილეობას და იმარჯვებდა:

  • ტუბერკულოზის ცენტრთან: 118 740 ლარის ღირებულების კონტრაქტი 2024 წლიდან 2026 წლის 31 მაისამდე - საქონლისა და ქათმის ხორცზე;
  • მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან: 159 551 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2024 წლის 24 დეკემბრიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე, კვლავ საქონლისა და ქათმის ხორცზე;
  • თბილისის ზოოპარკთან: 372 641 ლარის ღირებულების კონტრაქტი 2024 წლის ნოემბრიდან 2026 წლის 31 მარტამდე - ქათმის ხორცი/ფილე, საქონლის, ცხენის ან ვირის გაუყინავი გული, ცხენის, ვირის ან საქონლის ხორცი (საჭიროების შემთხვევაში მისი სუბპროდუქტები).

ამ სამ შემსყიდველთან „ბი.ჯი.ემ1-ს“ 2022 წლიდან აქვს სხვადასხვა მოცულობის 10-ზე მეტი კონტრაქტი.

სრულად წაკითხვა