ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

12 hours ago 10

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს დღის ცხელ საათებში თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი, არ დატოვონ ბავშვები და ცხოველები გაჩერებულ ავტომობილებში, ატარონ ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი.

“ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება.

სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალ ინტენსიური ფიზიკური აქტივობისაგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში – დილის საათებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ქუჩაში გასვლისას, რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამისა და დილის საათებში.

სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.” – ნათქვამია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა