23 სექტემბერს, ლიგის თასის 1/16-ფინალში „ლივერპული“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა ქართველი მეკარისთვის, გიორგი მამარდაშვილისთვის განსაკუთრებული იქნება — ის პირველად გამოჩნდება მერსისაიდული გუნდის ოფიციალურ მატჩში.
ბრიტანული გამოცემა This Is Anfield წერს, რომ მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი დატვირთული კალენდრის პირობებში როტაციას მიმართავს და შანსს იმ ფეხბურთელებს მისცემს, რომლებსაც აქამდე ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ.
მამარდაშვილი, რომელმაც წინასასეზონო პერიოდში 5 ამხანაგურ მატჩში იასპარეზა, ძირითადს უმიზნებს: „მე აქ იმისთვის მოვედი, რომ პირველი მეკარეობისთვის ვიბრძოლო და ყველაფერს გავაკეთებ ამის მისაღწევად.“