ციხეში სავარაუდო ძალადობის შემდეგ, მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

4 days ago 4

46 წლის მამაკაცი, იოსებ გორგაძე 4 აპრილს, სამთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკა „ვივამედში“ გარდაიცვალა, სადაც ის იანვრის ბოლოს ციხიდან მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ პატიმარი „სასტიკადაა ნაცემი“ და ციხის თანამშრომლებს ძალადობაშში ადანაშაულებს. ხელისუფლება ბრალდებებს „ადამიანური ტრაგედიის“ „პოლიტიკურ მანიპულირებად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ვივამედის“ კლინიკის დირექტორის, ზურა ჩხაიძის თქმით, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ტვინის ტრავმა იყო. მან ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ პატიმარი კლინიკაში 30 იანვარს „მრავლობითი დაზიანებებით“ შეიყვანეს. პატიმრის ადვოკატმა, მუხრან ღურცკაიამ, განაცხადა, რომ მის კლიენტს სახისა და თავის არეში დაახლოებით 30 დაზიანება ჰქონდა. მან უარყო გამომძიებლების განცხადებები, რომ დაზიანებები თითქოსდა აბაზანაში დაცემის შედეგი იყო.

გორგაძის ადვოკატის თქმით, ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგინდა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

„წარმოუდგენელია მას ერთი წაქცევით ეს დაზიანებები მიეღო. წარმოუდგენელია, რომ მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ ეს. ამაში, სავარაუდოდ, გარეულია დაწესებულების თანამშრომლების ხელი“, – განაცხადა ადვოკატმა და გამოძიება გააკრიტიკა, რომელმაც ჯერ ბრალი არავისთვის წაუყენებია.

თბილისის გლდანის ციხის კლინიკურ დასკვნაში, გორგაძის საავადმყოფოში გადაყვანამდე, დაზიანებების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი და მხოლოდ ის იყო ნახსენები, რომ მან ინსულტი გადაიტანა და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა.

კრიტიკის ფონზე, საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მედიას აკრიტიკებს „ადამიანური ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისთვის“ და უარყოფს ციხის თანამშრომლების მიერ ძალადობის შესახებ ბრალდებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არც ბრალდებულს და არც მის უფლებადამცველს „დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურის და №8 დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუფიქსირებიათ“.

ამავე განცხადების თანახმად, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა 23 იანვარს „გაუარესდა“ კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანამდე ერთი კვირით ადრე. კლინიკაში იგი იმყოფებოდა „სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“, თუმცა ექიმებმა სამი თვის შემდეგ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და „ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება“. საავადმყოფოში ყოფნის სამი თვის განმავლობაში გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო, არავის წაუყენეს ბრალდება და იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მისი აპარატი საქმეში ჩართულია გორგაძის „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ. მან აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი შეხვდა ექიმებს, პატიმრებს და ციხის პერსონალს, თუმცა პატიმართან მისი მდგომარეობის გამო საუბარი ვერ მოახერხა.

იოსელიანმა დასძინა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები, ხოლო უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას.

იოსებ გორგაძე 2024 წლის 24 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დააკავეს, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ის ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, როდესაც მისმა ოჯახმა 27 იანვარს შეიტყო, სავარაუდოდ, ერთი კვირის შემდეგ, რაც ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებდა. ოჯახი თვლიდა, რომ ის პატიმრობაში სცემეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თავის არეში მძიმე დაზიანებები და კისერზე დახრჩობის კვალი ეტყობოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა