ჩხრეკა ჩატარდა ფონდი „ერთმანეთისთვის 24/7“-ის დამფუძნებლის ბინაშიც

1 week ago 4

29 აპრილს, დილის საათებში პროკურატურის თანამშრომლები ბინის გასაჩხრეკად მივიდნენ ფონდი „ერთმანეთისთვის 24/7“-ის დამფუძნებელთან, გუგა ხელაიასთან. ჩხრეკის დეტალებზე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს.

„იყვნენ ჩემს ბინაშიც დილიდან. პროკურატურიდან ვართო და ოთხი ადამიანი შემოვიდა, ტელეფონი ხელში მეჭირა მაგ დროს და გამომართვეს, დალუქეს და წაიღეს. ბინის სრული ჩხრეკვის შემდეგ, რომელსაც მეც ვესწრებოდი, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვერ არის სასიამოვნო ჩემთვის, მათი მხრიდან აგრესიას და ნეგატიურ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. კორპუსის დაცვისგან როგორც შევიტყვე, სადარბაზოში 30-მდე პოლიციელი იდგა“, - აცხადებს გუგა ხელაია.

დღეს, 29 აპრილის დილას, პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინებშიც.

მარიამ გეგუჩაძესთან, ალეკო ცქიტიშვილსა და მარიამ ბაჯელიძესთან ჩხრეკა დამთავრდა, ნანუკა ჟორჟოლიანთან კი გრძელდება.

როგორც მოგვიანებით პროკურატურის განცხადებით გაირკვა, ჩხრეკა ჩატარდა იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების ბინებში, რომლებიც ეხმარებოდნენ პროევროპული აქციების მონაწილეებს.

„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნდა და იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.

„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.

სრულად წაკითხვა