„ჩემს ცხოვრებაში ვიღაცები ,,ადამიანჩიკებად” იქცნენ, მათთან ურთიერთობა აღარ შემიძლია!” რა დარდი გაიყოლა ზაზა ბეჟაშვილმა იმქვეყნად

1 week ago 5

„ჩემს ცხოვრებაში ვიღაცები ,,ადამიანჩიკებად" იქცნენ, მათთან ურთიერთობა აღარ შემიძლია!"„სარკე“, არქივი

ზაზა ბეჟაშვილი, მეგობრებისთვის უბრალოდ ზუზუ, 5 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი გმირები ეკრანზე გამოჩენისთანავე ხდებოდნენ პოპულარულები. პერსონაჟების ესმოდა, ამიტომაც როლზე მუშაობა არასოდეს უჭირდა, თუმცა იყო სირთულეები რეჟისორებთან, პროდიუსერებთან. მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ყვებოდა:

„მძიმე ხარო, მეუბნებიან და ძალიან მიკვირს. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მძიმე ვარ, მირჩევნია, მძიმე ვიყო, ვიდრე მჩატე. ზოგისთვის სიმძიმეა, თუ გადასაღებ მოედანზე პირდაპირი ვარ… ერთ-ერთი სერიალის გადაღებისას პროდიუსერთან შელაპარაკება მომივიდა. ისეთი ტონით დამელაპარაკა, რომელსაც მე არ ვიმსახურებდი. თუ ტონით მიმახვედრა, რომ პროდიუსერი იყო, იქვე მივახვედრე, რომ მსახიობი ვიყავი. გადასაღები მოედანი და პროექტი დავტოვე, წამოვედი.

საღი, ჯანსაღი ურთიერთობა მიყვარს, სიყალბე მეზიზღება! მირჩევნია, მძიმე იყო, მაგრამ ნამდვილი. ერს რა დაემართა? ცინიზმი მეფობს. მოდაში ,,ტუპოი” კრიტიკაა და არა – ჯანსაღი. ასეთებს რომ დავეჯახები, სათქმელს ყოველთვის ვეტყვი. ამ დროს არასდროს ვფიქრობ, კიდევ გადამიღებენ თუ არა. ვისთვისაც მძიმე ვარ, ნუ გადამიღებენ!..

პოპულარობა ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ მინდა, როლები მქონდეს. მივხვდი, რომ თუ მლიქვნელი არ ხარ და ათასჯერ არ რეკავ, არ ახსენებ, რომ არსებობ, ისე არავინ არსად დაგაკავებს. ეგღა მაკლია, ვიღაცას ჩემი არსებობა შევახსენო და მივეაფერისტო!

მე რაც ძალას მაძლევს, კიდევ ამ პროფესიაში დავრჩე, ისაა, რომ ღმერთი ყოველთვის ჩემკენაა. ვისთანაც მიმუშავია, ჩემთვის არასოდეს უთქვამს, რომ მას რაღაც გავუფუჭე. ეს უკვე ჩემთვის დიდი სტიმულია, პრიზებზე რომ აღარაფერი ვილაპარაკო…

3-4 წლის წინ რომელიღაც პროდიუსერის მოადგილის მოადგილეს თურმე რაღაც ვუთხარი და ის არ ავიწყდება, ამიტომ ნახევარ სიტყვაში წყვეტს, ვიქნები თუ არა რომელიღაც პროექტში. ჩემს მდგომარეობაში რომ გაღიმებულმა ვიარო, ან ბავშვი უნდა ვიყო, ან “დურაკი”. ბავშვი აღარ ვარ, ,,დურაკად” ყოფნა კი არ მინდა”.

ბევრი წყენის მიუხედავად, თავს მაინც როლებით განებივრებულ მსახიობად მიიჩნევდა, რადგან მეორე კურსიდან თამაშობდა, მის მიერ შექმნილი გმირები კი ფესტივალებზე შეუმჩნეველი არავის რჩებოდა. რაც შეეხება ფინანსებს, ამ მხრივ განებივრებული არ ყოფილა. დიდი ხნის განმავლობაში დედასთან ერთად ხან ქირით, ხან მეგობრის ბინაში ცხოვრობდა, რადგან საკუთარი არ ჰქონდა.

– ყველაზე მეტად ფულზე ლაპარაკი მიჭირს და ამის გამო საკუთარ თავზე ძალიან ვბრაზდები. როცა სასაცილო თანხას გთავაზობენ, საშინელებაა! სერიალებს რომ თავი დავანებოთ და რეკლამებზე ვილაპარაკოთ, გეკითხებიან ჰონორარს, პასუხობ, მერე თავისას გთავაზობენ, ჩვენ ამდენი გვაქვს და მეტს ვერ გადაგიხდითო. ჩემს “შებმას” არაფერი უნდა, თუ მომიდგები. უფასოდაც მიმუშავია, გააჩნია ზრდილობას და დამოკიდებულებას. უნდა ვიცოდე, რომ იქ, სადაც მე მეძახი, მართლა გჭირდები. არ შეიძლება მსახიობს იმდენს უხდიდე, რომ თუნდაც ერთი ჰონორარით მანქანის ყიდვა ვერ შეძლოს.

გასული საუკუნის 90-იანი წლები აღარ არის, რომ თვითგადარჩენაზე ვიფიქროთ. ყველა ეტაპი გავიარე და ბევრი რამ ვიცი, საზღვარგარეთ შეიძლება დიდი თანხები არ შემოგთავაზონ, მაგრამ იმდენს მაინც მოგცემენ, რომ შეურაცხყოფილად არ იგრძნო თავი. ზოგს უხარია ტელევიზორში გამოჩენა და ამისთვის იქით იხდის ფულს. კი, ბატონო, აიყვანონ ასეთები, მაგრამ მე აღარ შემიძლია, დავიღალე!

ბევრჯერ თანხა რომ დაუსახელებიათ, ტელეფონი მიმითხლეშია, არადა შეიძლება იმ წუთში ჯიბეში ორი ლარიც კი არ მქონოდა. უმეტეს შემთხვევებში მოლაპარაკება ასეთი ტექსტით იწყება – ,,ბიუჯეტი არ გვაქვს”. ჩემი პასუხია კი ასეთია: ,,არც მე მაქვს ბიუჯეტი და ფული მჭირდება”. ზუსტად ვიცი, რომ ამ ინტერვიუთი ბევრ მსახიობს მოვფხან გულს, ბევრი მათგანი განიცდის იმას, რაზეც ვლაპარაკობ, – გვიყვებოდა ზაზა ბეჟაშვილი.

ჟურნალისტები მუდმივად უსვამდნენ კითხვას პირადზე, დაოჯახებაზე, კონკრეტულს ვერაფერს პასუხობდა, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავდა, რომ შვილი ძალიან უნდოდა. გთავაზობთ ამონარიდებს ზაზა ბეჟაშვილის რამდენიმე ინტერვიუდან, რომლებიც „სარკეში” გამოქვეყნდა.

ზუზუ:

– ყველას ჰგონია, რომ კარგად მიცნობს, მაგრამ ამ დროს მეც კი არ ვიცნობ ჩემს თავს კარგად. არასოდეს არაფერს ვგეგმავ. არ ვიცი, რას ნიშნავს, როცა ამბობენ, ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ამას და ამას ვიზამო. ეს ჩემთვის ძალიან სასაცილოა. დაახლოებით მაინც რომ ვიცოდე, ვაპირებ თუ არა დაოჯახებას, აუცილებლად გეტყოდით. თუ ეს მოხდება, პირველად “სარკეს” გავაგებინებ…

მსახიობის ცხოვრება ასეთია, ვისაც როგორი უნდა, ისეთი უნდა იყო. ვიყო ვიღაცისთვის შეყვარებული, ვიღაცისთვის – დაოჯახებული, მოკლედ, ვისაც როგორ აწყობს, ისეთი. პრობლემებზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ამჟამად ამის მოგვარებაზე ვარ გადართული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავ, რომ სიყვარულს მიტოვებული ვყავარ. საბედნიეროდ, ჯერ იმ ასაკში ვარ, რომ ვიღაცას მოვეწონო, მეც მომეწონოს, იყოს ფლირტი, ურთიერთობები. ძირითადად სულ ჩემნაირ არანორმალურებთან მაქვს ურთიერთობა, ამიტომ მათთან არასოდეს მაქვს იმაზე საუბარი, როდის უნდა მოვიყვანო ცოლად. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ამისი პერიოდიც მოვა.

– როცა ადამიანი დაქორწინებას აგვიანებს, მას ხშირად ეუბნებიან, რომ იმის გამო მაინც უნდა შექმნას ოჯახი, შვილი ჰყავდეს.

– შვილიც მინდა და მეორე ნახევარიც, რომელიც ყოველთვის მყავს. რაც მინდა, ყველაფერი რომ ჩამოვთვალო, მეტყვი, აბა, რა დაოჯახებაზე გველაპარაკებოდიო. შეიძლება ძალიან ადვილი მისაღწევია ჩემი ,,მინდა”, თუნდაც რომელიმე პროექტში რომ მოვიგო ბინა, საკუთარი სახლი არ მაქვს. მყავს დედა, ძმა, ვისთვისაც ყველაფერი ისე უნდა მოვაწყო, რომ მათ თავი არაკომფორტულად არ იგრძნონ. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან სასაცილო უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ცოლი მომყავს და ქორწილი მექნება.

მინდა, ჰარმონიულად ვიყო ჩემს თავთან, პროფესიასთან, მეგობრებთან… ღმერთმა დამიფაროს, ამ ყველაფერმა პატარა ადამიანად მაქციოს, მაშინ არაფერი მინდა. იყო დრო, როცა ყველაფერი მქონდა, მაგრამ ამას არ გავუფუჭებივარ.

– ყველაზე მეტად როდის იყავით იმედგაცრუებული?

– პროფესიაში არ ვყოფილვარ იმედგაცრუებული, რასაც ადამიანებთან მიმართებაში ვერ ვიტყვი. მე თუ ვინმე მიყვარს, მისგან არაფერს ვითხოვ, პირიქით, იქით გავცემ და ამაზე ძალიან ,,ვკაიფობ”. ამ გრძნობის არქონას სჯობს, გქონდეს და თუნდაც გაწბილდე.

ჩემს ცხოვრებაში ვიღაცები ,,ადამიანჩიკებად” იქცნენ, ეს კი იმან განაპირობა, რომ მათი ცხოვრება უცებ კარგისკენ შეიცვალა. მე ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრების თეთრი და შავი ხაზებით, ყველაფერი მაქვს განცდილი.

ყოფილა პერიოდები, როცა ყველაფერი მქონდა და მერე – აღარაფერი, მაგრამ ვინც მიცნობს, ის გეტყვით, რომ ამას არ შევუცვლივარ. სხვის ცვლილებას რომ ვხედავ, იმედები მაშინ მიცრუვდება.

საბედნიეროდ, ისეთი ხალხიც მყავს გვერდით, ვინც ჩემი ცხოვრება გაიტანა, გვერდით დამიდგა, ცუდად ვიყავი და მდგომარეობიდან გამომიყვანა. ეს კი პომპეზურად ან სხვების საჩვენებლად არ გააკეთეს. ძალიან ადვილად ვივიწყებ ცუდს, არავის ვებუტები, მაგრამ ,,ადამიანჩიკებთან” ურთიერთობა უკვე აღარ შემიძლია…

შვილი ძალიან მინდა, მაგრამ ბავშვი რომ მყავდეს, გავაფრენდი. ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა. გვერდით ყოველთვის არის ადამიანი, ვინც მომწონს, მხარზე თავს დავადებ და… აუცილებელი არ არის, მაინცდამაინც გიყვარდეს და ერთად ცხოვრობდეთ. სექსის მერე გადახლართულები რომ იღვიძებენ და ერთი სუნთქვით რომ სუნთქავენ, არ მომწონს.

– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ჩემი ცხოვრების სტილი არაჯანსაღია, ტრანკვილიზატორებს ვსვამ და ისე ვიძინებო…

– ტრანკვილიზატორებს არ ვიღებ, ანტიდეპრესანტს ვსვამ. გავიმეორებ, ჩემი ცხოვრების წესი არაჯანსაღია საკვებიდან დაწყებული მავნე ჩვევებით დამთავრებული.

– ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მსახიობებს დიდ დახმარებას უწევდა. მათ შორის თქვენც იყავით?

– არა, მე ხომ თეატრში არ ვარ. თხოვნა არ შემიძლია.

ისევ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობთ?

– დიახ.

– უკვე 37 წლის ხართ, რა გამოცდილება დააგროვეთ?

– ჩემი ცხოვრება ადამიანებისგან გაიფილტრა, ,,მეგობრების” მასკარადი მქონდა, მაგრამ, როცა ჩემს ცხოვრებაში ექსტრემალური რაღაცები მოხდა, ბინა დავკარგე და ა.შ., უცებ ყველა შემომეცალა. ხალხს სირაქლემას პოზა მოეწონა, საერთოდ სად გაქრნენ, არც ვიცი. სამად სამი ადამიანი იყო, ვინც მოვიდა და მითხრა, შენთან ვართო. მეტი გადაფასება რად მინდა?

არავის არაფერს ვავალდებულებ, მაგრამ ახლა მოდაში შემოვიდა სიტყვები: “ჩემი პრობლემები მყოფნის, სხვისი რად მინდა!”. ასეთი მოდური ფრაზებით ცხოვრება არ მიყვარს, მე გრძნობებით ვცხოვრობ. მიხარია, თუ ვინმეს ვჭირდები.

– მეგობრები აღარ გყავთ?

– სადღა არიან?! ხანდახან ორს თუ ვიპოვი და, მგონი, ის მეორე მოგონილია. ჩემი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა. არავისთვის რომ არ ვიყო საინტერესო, ჩემი თავის მიმართ ინტერესს მაინც არასდროს ვკარგავ. მარტო ყოფნა მიყვარს, მაგრამ წარსულში არ ვიქექები. არც იმაზე ვფიქრობ, 5 წლის შემდეგ რა მოხდება. რაღაცებს იუმორით ვუყურებ. ასე თუ არ მოვიქცევი, ჩემს მდგომარეობაში აუცილებლად გავრეკავ! უხარისხო მეგობრები აღარ მინდა…

– პირად ურთიერთობებში გიმართლებთ?

– რაღაც პერიოდი პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა. ბევრს ამაზე გაეცინება, მაგრამ ერთგული ადამიანი ვარ. ამ ეტაპზე ცოტა კი მეზარება ვალდებულებები, სიყვარული, მაგრამ ცოტა ხანში დიდი ბიჭი გავხდები და ყველაფერი სხვანაირად იქნება. ცოტათი შეყვარებული მუდამ ვარ.

– რატომ გაეცინებათ თქვენს ერთგულებაზე?

– მაბრალებენ ხოლმე, რომ ერთგული არ ვარ და არც ვალდებულებები მაქვს. თავიდან მოგივლიან, მოგეფერებიან, ცხელ სუპს გაჭმევენ, თავზე ხელს გადაგისვამენ, გეტყვიან, შენთან ვარო და მერე უცებ ამას ისე დაგაყვედრიან, რომ თურმე შენ… და მრავალწერტილი, რომ ყველაფერი უფასურდება. თუმცა არავის ვამტყუნებ.

– რთულია თქვენი გაგება?

– ძალიან რთულია. როგორ შეიძლება ჩემს რეჟიმს, თხოვნებს, მოთხოვნებს გაუძლო?!

– რა მოთხოვნები გაქვთ ასეთი?

– ზუსტად ვიცი, როდის რა მინდა და როდის რა არ მინდა. ახლა ეს ინტერვიუ ძალიან მომწონს და ვლაპარაკობ. ნიუანსებია ურთიერთობებში. არ ვარ არაერთგული, თუმცა შეიძლება ვარ კიდეც, რა ვიცი…

– რას ეძებთ ქალში?

– დღეს, როცა უკვე ყველაფერი დალაგებულია, სიახლეები მომხდარია, პოზების, სნობობის დრო გავიდა. ერთმანეთს რაღაც ჰარმონია, გემოვნებიანი ურთიერთობა უნდა მივცეთ. რაღაც ღილაკები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც მიაჭერ და გაიხსნება, მომაჭერს და გახსნის. ამის გარეშე რაღაცების ბრახაბრუხი არაა საჭირო.

– ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ურთიერთობებით გულნატკენი ხართ. ასეა?

– ალბათ და მარტო მე – არა, ისინიც გულნატკენები იქნებიან ჩემზე. ბევრი რაღაც გადავაფასე… რაღაცებს მტკივნეულად აღიქვამ.

– ამ დროს რა გშველით ხოლმე?

– ღმერთი, ასევე ჩემი სამუშაო, ჩემი საქმე. თუ არ გიყვარვარ, მე ვერ გამიგებ. დედაჩემს ვუყვარვარ და ჩემი ესმის. ჩემთან ურთიერთობა ადვილიცაა და რთულიც.

სრულად წაკითხვა