გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს და ითხოვს, ხელახლა გამოიძიონ საქმე. დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ ითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას, ასევე ოფიციალურად დაზარალებულად ცნობას.
„შევიტანე განცხადება, რომ თავიდან დაიწყოს გამოძიება, იმიტომ, რომ თავიდანვე არასწორად იყო წარმართული. გამოძიება კი არ იყო, უბრალოდ იყო ჩაფარცხვა. რაც კი რამე არგუმენტები და ფაქტები იყო, ყველაფერი ჩაფარცხეს და გაანეიტრალეს. […] თუ არ გამოიძიებენ, ეს უკვე პირდაპირი მინიშნება იქნება იმისა, რომ თვითონ არიან ყველაფრის გამყალბებლებიც და ჩამდენებიც“, – თქვა თეონა თამაზაშვილმა.
დედას აქვს ეჭვი, რომ მისი შვილი „კომპრომატების გამო“ არ არის ცოცხალი. თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ფიქრობს, რომ უწყებებს იმ ინფორმაციის გასაჯაროების ეშინიათ, რა ინფორმაციაც მის შვილს ჰქონდა. ის ყურადღებას ამახვილებს, რომ ოჯახს არ მისცეს შვილის მეხსიერების ბარათი და ლეპტოპი.
„ვითხოვთ გადაკვალიფიცირდეს – მკვლელობის მუხლით დაიწყონ გამოძიება. ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელები უნდა დაისაჯონ. ფაქტები გვაქვს, მოწმეები არიან, ამ საქმეს ვერ გაექცევიან“, – ამბობს ბაჩალიაშვილის მამა.
პროკურატურასთან დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად მივიდა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა და ძმა. ადგილზე ასევე მივიდნენ სინდისის პატიმრის ზვიად ცეცხლაძის მშობლები და პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე.
პროკურატურიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებდა.
2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება – საქმე დაიხურა.
უწყების განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურატურის ცნობითვე, „საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები“.
გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი, ხოლო საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია.
უწყების განცხადებით, ოჯახის მიერ შეთავაზებული ყველა ვერსია გადაამოწმეს, შეისწავლეს საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, „თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი“.
რაც შეეხება ტექნიკას, პროკურატურა ამბობს:
„თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატიული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ – პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ – პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ – პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები“.
2023 წელს დააკავეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე. ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბაძალიაშვილის საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. მას პროკურატურა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ედავებოდა. ამავე წელს, რამდენიმე თვეში შუბითიძე ერთწლიანი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს.
netgazeti