საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ივნისს განაცხადა, რომ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.
სირაძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების „საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ“, – განაცხადა სირაძემ და დასძინა, რომ სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ „უკომპრომისო ბრძოლას“.
This post is also available in:

3 days ago
12







English (US) ·
Georgian (GE) ·