შიო მუჯირს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

1 hour ago 2

ადგილობრივმა და საერთაშორისო პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქად არჩევა მიულოცეს.

შიო III, რომელმაც გარდაცვლილი ილია II შეცვალა, 39-წევრიანმა წმინდა სინოდმა ეკლესიის ახალ ლიდერად 11 მაისს აირჩია. მან სინოდის წევრთა 39 ხმიდან 22 მიიღო. მისმა კონკურენტებმა, მიტროპოლიტმა იობმა და მიტროპოლიტმა გრიგოლმა, შესაბამისად, ცხრა და შვიდი ხმა მიიღეს, ხოლო ერთი ბიულეტენი გაუქმდა.

შიო III-ის ინტრონიზაციის ცერემონია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე წინამძღვარი გახდა, 12 მაისს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ადგილობრივი გამოხმაურებები

მმართველი პარტია

ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: „გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა. თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა. გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს. ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“.

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი: „… უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას. გვწამს, რომ თქვენ ღირსეულად განაგრძობთ იმ დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით ქმნიდა ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია II. დედაეკლესია ყოველთვის იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ერის სულიერი სიმტკიცის ურყევი ბურჯი. სწორედ მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოგვინახა ის მარადიული ფასეულობები, რამაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა. მჯერა, რომ თქვენი მწყემსმთავრობა ჩვენი სამშობლოს მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ მომავალს მოემსახურება“.

შალვა პაპუაშვილი, სადავო პარლამენტის თავმჯდომარე: „დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ღირსეული მღვდელმთავარი ღირსეულთა შორის. უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი – ინებოს უფალმა, რათა მრავალი წელი სწორედ ამგვარად მოვიხსენიოთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. მძიმეა პატრიარქის ჯვარი და მისი ზიდვა განსაკუთრებულ შემწეობას საჭიროებს. ყველას გილოცავთ ამ უდიდეს, ისტორიულ დღეს!“

მიხეილ ყაველაშვილი, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი: „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სულიერ ცხოვრებასთან, ერთობასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან.  მწამს, რომ თქვენი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. კათოლიკოს-პატრიარქის როლი საზოგადოებაში მშვიდობის, სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია. მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება…“.

კახა კალაძე, თბილისის მერი: „ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას… ეს არის დღე, რომელმაც საქართველოს პატრიარქ შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია, ხელი შეუწყოს ერში სულიერების ამაღლებას, ეროვნული თვითმყოფადობის განმტკიცებას, მშვიდობის შენარჩუნებას. 11 მაისი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს თარიღად, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს იმ მარადიულ ფასეულობას, რაზეც დგას საქართველო- „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“.  

ოპოზიცია

„ლელო – ძლიერი საქართველო“: „დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ილია II-ის უდიდეს ღვაწლს საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიისა და ქართველი ხალხის წინაშე… გვჯერა, რომ ახალი პატრიარქის ხელმძღვანელობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირსეულად გააგრძელებს ამ ისტორიულ მისიას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ერთიანობის, საზოგადოებრივი თანხმობის, სულიერი სიმშვიდის მიღწევისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების საქმეში… ღმერთის შეწევნით  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ახლადარჩეულ კათოლიკოს-პატრიარქსა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, ერთობა და ღირსეული მომავალი ჰქონოდეს!“

პარტია „საქართველოსთვის“: „ვულოცავთ საქართველოსა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს წარმატებას ვუსურვებთ ერის სულიერი გაძლიერების უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულებაში. გვჯერა, რომ  საქართველოს ეკლესია დარჩება მშვიდობის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საყრდენი“.

თავისუფლების მოედანი: “ვულოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ მრევლს ახალი საჭეთმპყრობლის არჩევას! პატრიარქ შიო III-ს ვუსურვებთ ეკლესიის ღირსეულ წინამძღოლობას, წარმატებას ქართველი ხალხის ერთიანობისა და ქრისტიანული ჰუმანისტური ღირებულებების განმტკიცების გზაზე”.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ შიო III-ს: მინდა მოგმართოთ თქვენს პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის. გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან… ყველა ქართველმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მშობლიური ეკლესია და მისი სულიერი საყრდენი, სადაც მის დისკრიმინირებას არავინ დაუშვებს და პირიქით ეკლესია დაიცავს მას უსამართლობისგან და თანადგომას გაუწევს“.

საერთაშორისო გამოხმაურებები

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე: „გულთბილად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღვარს ამ მაღალი და საპასუხისმგებლო წოდების მიღებას… ახლადარჩეული პატრიარქი თავის მსახურებას იწყებს მისი წინამორბედის, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დიდი ხნის წვლილის შემდეგ, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა ქრისტესადმი ერთგულების, ეკლესიისადმი თავდადებული მსახურებისა და თავისი ხალხისადმი სულიერი ზრუნვის მაგალითად იქცა… ვუსურვებ ახლადარჩეულ პატრიარქს მსახურების მრავალ კურთხეულ წელს, სიბრძნეს, სულიერ ძალას და ღვთის დახმარებას, რათა გახდეს ქართველი ხალხის სულიერი ლიდერი. უფალმა აკურთხოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების ახალი ეტაპი და წარმართოს იგი ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის გზაზე.“

პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: ვულოცავ და ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს მიტროპოლიტ შიო მუჯირს, ამჟამად შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. „მოწყემსეთ ღვთის სამწყსო“ (1 პეტრე 5:2-3)“.

ისრაელის საელჩო საქართველოში და ელჩი, ვალიდ აბუ ჰაია: „ქართველი ხალხისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვუსურვებთ სიბრძნეს, სიმტკიცეს, მშვიდობასა და ნაყოფიერ მსახურებას  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლის წინამძღოლობაში, რწმენით, თანაგრძნობითა და ერთობით. ისრაელისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობა საუკუნოვან მეგობრობას, ურთიერთპატივისცემასა და საერთო სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება. ქართველები და ებრაელები თაობების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთის გვერდით – ღრმა ისტორიული კავშირებით, კულტურული ურთიერთგაგებითა და მტკიცე მეგობრობით. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მშვიდობის, ტოლერანტობისა და ადამიანის ღირსების ღირებულებებზე დაყრდნობით“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა