„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

4 hours ago 7

16

თარჯიმნის პროფესია ხშირად ენის მცოდნეში ერევათ, არადა, განსხვავება ძალიან დიდია. თარგმნა მოითხოვს სიტყვათა დიდ მარაგს ორივე ენაზე, გრამატიკულ სიზუსტეს, სტილისტიკის დაცვას და თუ ლექსს ან პოემას თარმნი, ცოტა არ იყოს და მათემატიკოსობასაც, ან მუსიკოსობას, გააჩნია, დაითვლი მარცვლებს, თუ სმენით მიხვდები. უნდა შეგეძლოს კულტურული კონტექსტის გაგება, დარგობრივ ტერმინებს უნდა იცნობდე – რათა იდიომები, კულტურული ნიუანსები, იურიდიული, სამედიცინო, ტექნიკური, ან ფინანსური ფრაზები სწორად თარგმნო.

ამ ბოლოს ხშირად გვხვდება ხოლმე ქართულში – განხორციელება, მაგალითად, თამაში განახორციელა და არა – ითამაშა, სიმღერა განახორციელა და არა – იმღერა და ასე შემდეგ, თუმცა, ისტორიები, რომლებსაც დღეს მოგიყვები „განხორციელებასთან“ შედარებით, ხან მთელი რომანია და ხანაც ლამის „ატომური ბომბი“.

1 დღე წელიწადში, როცა შოკოლადს მხოლოდ მამაკაცებს ჩუქნიან

1950–იან წლებში საკონდიტრო კომპანიებმა იაპონელების წახალისება გადაწყვიტეს, ვალენტინობის დღისთვის. თუმცა, სლოგანის „შოკოლადი მისთვის“, არასწორმა თარგმანმა მცდარი წარმოდგენა შექმნა. თარგმნის მიხედვით, ისე გამოვიდა, რომ თითქოს 14 თებერვალს, მხოლოდ მამაკაცს უნდა აჩუქო შოკოლადი. იაპონიაში ეს უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და 14 თებერვალს, ქალები კაცებს შოკოლადებით ანებივრებენ. თუმცა, სამაგიეროდ, ქალთა დღეს, უკვე მამაკაცები ყიდულობენ შოკოლადებს ქალებისთვის და პრინციპში, გამოდის, საკონდიტრო კომპანიებს არაფერი წაუგიათ.

„კრიმინალური“ უზუსტობა

გერმანულმა სატრანსპორტო კომპანიამ ქალაქ ედინბურგთან კონტრაქტი გააფორმა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სანამ კომპანიამ არ აღმოაჩნია, რომ ის „კრიმინალადაა“ მოხსენიებული. საქმე ისაა, რომ სტანდარტული დოკუმენტაციის შევსებისას, პროექტის ფინანსური მდგომარეობის განმარტებისას, თარგმანში მოხდა შეცდომა და საკმაოდ უწყინარი ეკონომიკური ტერმინი ინგლისური ენიდან ისე ითარგმა, რომ გერმანულ ენაზე დაიწერა – კრიმინალი. კომპანიამ ეს შეურაცხყოფად მიიღო და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში იჩივლა.

71 მილიონ დოლარიანი საბედისწერო სიტყვა

1980 წელს, 18 წლის ვილი რამირესი ფლორიდის კლინიკაში, კომაზოტურ მდგომარეობაში მოათავსეს. ბიჭის ოჯახი მხოლოდ ესპანურ ენაზე საუბრობდა და სწორედ ამ ენაზე ჰყვებოდნენ კლინიკის პერსონალთან ბიჭის მდგომარეობასაც. საავადმყოფომ, თარჯიმნის გამოძახება არ მიიჩნია საჭიროდ და დახმარება სთხოვა თანამშრომლეს, რომელიც ესპანურად საუბრობდა. თუმცა, ესპანურად საუბარი და თარგმნა ესპანურიდან ინგლისურად, პროფესიონალურ დონეზე, სრულიად სხვადასხვა რამეა, მით უფრო, როცა საქმე მედიცინას ეხება. აღმოჩნდა, რომ ესპანური სიტყვა “intoxicado” ძალიან ჰგავს ინგლისურ სიტყვას “intoxicated”და ნიშნავს ალკოჰოლით, ან ნარკოტიკით ინტოქსიკაციას. ექიმებმა ჩათვალეს, რომ საქმე ნარკოტიკის ზედოზირებასთან აქვს, ხოლო ბიჭის ოჯახი ამაოდ ცდილობდა აეხსნა, რომ საკვებითაა მოწამლული. სამწუხაროდ, შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, ბიჭის მდგომარეობა დამძიმდა და ტვინში სისხლჩაქცევამ გამოიწვია დამბლა. რამირეს კომპენსაციის სახით 71 მილიონი დოლარი გადაუხადა საავადმყოფომ.

აქვე ვიტყვი, რომ სამედიცინო შეცდომები საკმაოდ ხშირია, მაგალითად, გერმანიაში, სწორედ 1 სიტყვის არასწორად თარგმნის გამო, არაერთ პაციენტს არასწორად გაუკეთდა მუხლის პროთეზი, საფრანგეთში კი, ათობით პაციენტმა მიიღო დიდი ოდენობით დასხივება და იქაც, ინსტრუქციიდან ერთი სიტყვის არასწორად თარგმნას მოჰყვა შეცდომა, რომელმაც ადამიანების ჯანმრთელობა შეიწირა.

„სასჯელი“ ზუსტი თარგმნის გამო

1956 წლის 18 ნოემბერს პოლონეთის საელჩოში, ნიკიტა ხრუშოვმა თქვა – „Мы вас похороним“. რაც ითარგმნა შესაბამისად – ჩვენ თქვენ დაგმარხავთ. ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებმა და ისრაელის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად ოთახი დატოვეს და ხრუშოვის ამ ფრაზას ლამის მესამე მსოფლიო ომი მოჰყვა. მერე რუსეთმა დაიწყო თავის მართლება, რომ თარგმანი არ იყო სწორი. რუსულ წყაროებში, დღესაც კი შეხვდები მტკიცებას, რომ ეს ფრაზა – Мы вас похороним – თარჯიმანს უნდა ეთარგმნა, ასე – ჩვენ იქამდე ვიცოცხლებთ, სანამ თქვენს დაკრძალვას არ ვნახავთ, ან ასე – ჩვენ თქვენზე მეტხანს ვიცოცხლებთ, ანაც ასე – ჩვენ თქვენს დაკრძალვას დავესწრებით.

საქმე ისაა, რომ ხრუშოვის ეს ფრაზა თარგმნა ვიქტორ სუხოდრივმა, რუსმა დიპლომატმა, რომელიც იყო ხრუშოვის, ბრენჟნევისა და გორბაჩოვის პირადი თარჯიმანი და რუსეთში აღიარებული ჰყავდათ „თარჯიმანთა მეფედ“. სწორედ იმან რომ ასეთი ცნობილი და აღიარებული იყო. გადაარჩინა სუხოდრივი სასჯელს. მოგვიანებით მან თქვა, რომ მართალია ხრუჩოვის სიტყვის თარგმნა რთული იყო, რადგან ის იყო გაუნათლებელი და ჯიუტია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზუსტი ინტერპრეტაციით თარგმნა ფრაზა.

ამერიკულ–პოლონური „ვნება“

1977 წელს, ჯიმი კარტერი აშშ–ის პრეზიდენტი გახდა და პირველივე წელს არაერთ ქვეყანას ესტუმრა, მათ შორის პოლონეთს, სადაც საკმაოდ მეგობრული სიტყვით გამოვიდა, თუმცა, იმ დროს, თეთრ სახლს არ ჰყავდა პოლონური ენის თარჯიმანი და ადამიანმა, რომელიც ერთჯერადად დაიქირავეს, ამერიკა დიპლომატიურ სკანდალში გახვია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯიმი კარტერის ინგლისურენოვან სიტყვაში მსგავსი არაფერი თქმულა და საკმაოდ კარგი, მეგობრული ტექსტი იყო, თარჯიმანმა პოლონელებს უთხრა, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა დღეს სამუდამოდ დატოვა ამერიკა, რომ ვნებას უსურვებს მათ და ბედნიერია, რომ ჩაწვდა პოლონელების სასქესო ორგანოებს.

10 მილიონიანი შეცდომა

ბრიტანულმა ბანკმა წამოიწყო მასშტაბური კოპანია სლოგანით – არაფერი ივარაუდო. საერთაშორისო ბაზარზე, კომპანიას სლოგანი არასწორად ითარგმნა და დაიწერა – არაფრი გააკეთო. 2009 წელს, ბანკს მოუწია რებრენდიგი და სლოგანის შეცვლა, რაც მას 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. დამერწმუნეთ, ბევრად მეტი, ვიდრე პროფესიონალი თარჯიმანი.

კალამი, რომელიც არ დაგაფეხმძიმებს

კალმების მწარმოებელმა კომპანია გადაწყვიტა მექსიკაში შეეტანა პროდუქტი. კომპანიის სლოგანი იყო – ჯიბეში არ გაჟონავს და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდები. თუმცა, რატომღაც, ისე მოხდა რომ მექსიკელებს დახვდათ სლოგანი – ის ჯიბეში არ გაჟონავს და არ გადაფეხმძიმებს.

შეჭამე თითები

ახლა უკვე სწრაფი კვების გიგანტი, KFC-იც გაეხვა თარჯიმნულ სკანდალში, როცა ჩინეთის ბაზარზე შევიდა. კომპანიამ გადაწყვიტა, პირდაპირ ეთარგმნა სლოგანი – „თითებს ჩაილოკავ“.

შედეგად, ჩინეთში სლოგანი ჩინელებისთვის ჟღერდა ასე – შეჭამე შენი თითები.

კომპანიამ შეცდომა მალევე გაასწორა. რამდენი მილიონი დაუჯდა რებრენდინგი – უცნობია.

გაიცინე – იხუმრა! 

და ისევ აშშ–ის პრეზიდენტ კარტერზე, რომელმაც იაპონიაში, კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას, გადაწყვიტა, ეხუმრა, იაპონელები დიდხანს და გულიანად იცინოდნენ და პრეზიდენტს, ცოტა არ იყოს გაუკვირდა, რადგან ასე კარგადაც არ უხუმრია, რომ ამდენი ეცინათ. მან თარჯიმანს სთხოვა, ეთქვა ზუსტად, რა თარგმნა, თარჯიმანი გამოტყდა, რომ მას არ შეეძლო ამერიკული იუმორი სრულყოფილად ეთარგმნა იაპონურად, ამიტომ მან უბრალოდ უთხრა აუდიტორიას, რომ პრეზიდენტმა სასაცილო ამერიკული ისტორია მოჰყვა და სთხოვა, გაეცინათ.

იმ თარჯიმანს კარგი აუდიტორია შეხვდა და ბრმად ენდო, მე რომ მეთქვა ახლა თქვენთვის, ბრმად მენდეთ, რომ თარგმანი აუცილებლად პროფესიონალ თარჯიმანს უნდა შეასრულებინო–თქო, გულზე ხელი დაიდეთ, რამდენი იფიქრებდით, რომ რაღაცას ვამეტებ და რომ დიდი საქმე ახლა, შენი მეზობელი თამაზაც კარგად თარგმნის და დეიდაშვილი ანაც. თუმცა, მაგალითებით, იმედია, ნამდვილად დაინახე, რა საფრთხეა არაპროფესიონალი თარჯიმანი.

ახლა გაიფიქრებ, რომ რთული საპოვნელია პროფესიონალი თარჯიმანი, არაფერიც, რომელი ენიდანაც გინდოდეს, გინდ მხოლოდ თარგმანი გინდოდეს და გინდ – ნოტარიულად დამოწმებული, ყველაფერს და ყველანაირ მომსახურებას ერთ საიტზე პოულობ, ფასზე ურიგდები და თუ ვერ ურიგდები იქვე მეორე კომპანიის საკონტაქტოა და იმას ხომ მაინც მოურიგდები? მთავარია დაიმახსოვრო,  –ყველაზე ძვირი ჯდება არაპროფესიონალიზმი!

კომენტარებში დაგვიწერე შენი გამოცდილება, სად და როგორი თარგმანი გინახავს, ასე მაგალითად, რაც უცებ მახსენდება:

ბანგკოკში ქიმწმენდა: საუკეთესო შედეგისთვის, შარვალი აქ გაიხადეთ!

პარიზში ტანსაცმლის მაღაზია: კაბები ქუჩაში სასეირნოდ.

რეკლამა ჰონგ-კონგში: უკანასკნელი მეთოდისტები კბილებს იღებენ.

იაპონიაში შემოვლითი გზა: გაჩერდით! გვერდულად იმოძრავეთ.

შვედეთში ბეწვის სალონი: ქალბატონებისთვის საკუთარი ტყავისგან დამზადებული ბეწვის ქურთუკები.

(R)

სრულად წაკითხვა