რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ნატოს ქვეყნების იარაღისა და საბრძოლო მასალების ქარხნებს უჭირთ წარმოების გაზრდა. ამასობაში ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ უკვე ამოწურა თავისი მარაგი, რითაც თავდასხმის ქვეშ მყოფი მოკავშირის ფრონტის ხაზის საჭიროებებს აკმაყოფილებდნენ.
აშშ-ის სავაჭრო ომის ესკალაციამ, მათ შორის ტარიფებმა და ექსპორტის აკრძალვებმა, შეიძლება საფრთხე შეუქმნას მიწოდების ჯაჭვებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რიგ ქვეყნებსა და ინდუსტრიებზე დაწესებულმა ფართომასშტაბიანმა ტარიფებმა შეიძლება შორსმიმავალი შედეგები მოიტანოს უკრაინის საომარი ძალისხმევისთვის. საქმე შეეხება თანამედროვე იარაღსაც, რომელსაც ჩინეთში მოპოვებული იშვიათ მიწათა მინერალები ჭირდება.
აი, როგორ შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი თუნდაც ტყვიის წარმოებაზე.
ავიღოთ თუნდაც ეს ერთი მარტივი მაგალითი.
ბოსნიის თავდაცვის ორგვარი ინდუსტრია
ბოსნია და ჰერცეგოვინა თან ნატოსკენ ისწრაფვის და ამავდროულად რუსეთის გავლენასაც განიცდის. მას შეუძლია როგორც ნატოს სტანდარტების, ასევე საბჭოთა კალიბრის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება და, შესაბამისად, მრავალნაირი კლიენტიც ჰყავს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სხვაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბოსნია ჯერ ნატოს წევრი არ გახლავთ, ის პარტნიორი ქვეყანაა და სულ უფრო მეტი ირიბი წვლილი შეაქვს უკრაინის საომარ ძალისხმევაში.
ბოსნიაში წარმოებული საბრძოლო მასალის მთავარი მყიდველი ამერიკის შეერთებული შტატებია. მიუხედავად იმისა, რომ ბოსნია ოფიციალურად არ ახორციელებს იარაღის ექსპორტს უკრაინაში, მიწოდება მაინც ხდება - შუამავლების მეშვეობით.
ბოსნიაში არტილერიის უდიდესი მწარმოებლის, ყოფილი იუგოსლავიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის, Pretis-ის აქციების 41% Regulus Global-მა შეიძინა.
ოფიციალური დოკუმენტაცია აჩვენებს, რომ აშშ-მა მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ბოსნიის იარაღის წარმოების მოდერნიზაციისთვის, განსაკუთრებით ეს მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას შეეხება.
Regulus Global-ის მსგავსი სამხედრო ფირმები ამ ქვეყანას მიიჩნევენ ხელმისაწვდომ საწარმოო ბაზად, რომელიც შედარებით დაბალფასიან კვალიფიციურ მუშახელს და იუგოსლავიის ეპოქის თავდაცვის ინფრასტრუქტურის მემკვიდრეობას სთავაზობს.
ბოსნიელი სამხედრო ანალიტიკოსი ანტონიო პრლენდა აღნიშნავს, რომ სულ რაღაც ათი წლის წინ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე პირდაპირ ჩაერთვებოდა ბოსნიის თავდაცვის ინდუსტრიაში, კალიბრებისა და აღჭურვილობის სტანდარტების გათვალისწინებით.
მისი თქმით, ამერიკელმა ინვესტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს მიძინებული ქარხნების აღორძინებაში. ამ ქარხნების პროდუქციის მთავარი საბოლოო მომხმარებელი ძირითადად უკრაინაა.
„რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინაში საარტილერიო აღჭურვილობის უზარმაზარი საჭიროება დადგა. ბოსნიის თავდაცვის ინდუსტრია ყოველთვის ცნობილი იყო მაღალი ხარისხის საარტილერიო ნაწილებით, საარტილერიო საბრძოლო მასალებით, ასაფეთქებელი ნივთიერებებითა და ფილტრებით. უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის აღჭურვილობაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა“.
ბოსნია ათწლეულების განმავლობაში ახდენს თავდაცვის სექტორის მოდერნიზაციას აშშ-ის მთავრობისა და ამერიკული კომპანიების დახმარებით. თუმცა ახლად დაწესებულმა ტარიფებმა შეიძლება გააძვიროს ერთობლივი საწარმოების მუშაობა და გაართულოს შესყიდვების კონტრაქტები და ექსპორტის ნაკადები, რის გამოც ბოსნიას შეიძლება მოუწიოს, თავდაცვის სფეროში პარტნიორობა დაიწყოს არაამერიკელ მოკავშირეებთან.
ტარიფებმა ასევე შეიძლება გაზარდოს ბოსნიის სამხედრო პროდუქციის ღირებულება, რაც მათ ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის ფასებისადმი მგრძნობიარე გლობალურ ბაზრებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოთხოვნის შემცირება აშშ-ის მყიდველებისა და ნატოს პარტნიორების მხრიდან, რაც ადგილს გაუთავისუფლებს სხვა რეგიონულ მოთამაშეებს.
პოლიტიკურად, ტარიფები შეიძლება გამოიყენონ ბოსნიის თავდაცვის სექტორის ნატოს პრიორიტეტებიდან გამოსაცალკევებლად, რაც ყურადღებას ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და აზიაში მყოფ კლიენტებზე გადაიტანს.
პრლენდა განმარტავს, რომ ბოსნიის თავდაცვის ინდუსტრია ნატოსთან თავსებად კალიბრებზე გადადის და, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, თანამედროვე საბრძოლო ტენდენციებს - დრონებსა და სხვა უპილოტო სისტემებსაც - ითვალისწინებს.
თუმცა რჩება სერიოზული გამოწვევები - გაუარესებული სამრეწველო ბაზა, კვლევისა და განვითარების შეზღუდული დაფინანსება და ინსტიტუციური მხარდაჭერის ნაკლებობა აფერხებს განვითარებასა და საერთაშორისო გაფართოებას.
პრლენდას თქმით, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში რთული პოლიტიკური სიტუაციაა და ამიტომ „თავდაცვის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს არ შეუძლიათ, დიდად ისარგებლონ მთავრობის დიპლომატიურ მხარდაჭერით და ეს მათთვის საქმეს ბევრად ართულებს“.
აშშ-ის ტარიფების გავლენა უკრაინაზე
ლითონების, ოპტიკის, ელექტრონიკისა და საწვავის იმპორტზე დამოკიდებული კომპლექსური, მრავალეროვნული თავდაცვის მიწოდების ჯაჭვში ტარიფების შემოღებამ შეიძლება გამოიწვიოს შეფერხებები და მკვეთრად გაზარდოს ხარჯები - არა მხოლოდ ბოსნიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
ბოსნია კი მხოლოდ ერთი პატარა კვანძია მომწოდებლების ფართო ქსელში, რომლებიც მხარს უჭერენ ბრძოლას უკრაინის გადარჩენისათვის.
ტარიფებმა ამ რთულ და მგრძნობიარე მიწოდებისა და ექსპორტის სისტემას შეიძლება შორსმიმავალი და გაუთვალისწინებელი ზიანი მიაყენოს.
აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორებს თავად შეიძლება გაეზარდოთ წარმოების ხარჯები. გლობალურ მომწოდებლებზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ტარიფებმა შეიძლება გამოიწვიოს მასალების შეფერხება, წარმოების შენელება და მიწოდების ვადების დარღვევა.
ამან შეიძლება შეარყიოს აშშ-ის ლიდერობა თავდაცვის გლობალურ ბაზარზე და წაახალისოს ქვეყნები, შეამცირონ დამოკიდებულება ამერიკულ სისტემებზე.
„ამერიკული აღჭურვილობაზე, ჩემი აზრით, ეს დიდ გავლენას არ მოახდენს, მაგრამ გაიზრდება იმ კომპონენტების ფასი, რომლებიც შეერთებულ შტატებში სხვა ქვეყნებიდან შედის. ეს კი ნამდვილად გაზრდის ფასს და პრობლემებს შეუქმნის უკრაინაში გასაგზავნი აღჭურვილობის შეძენას“, - თქვა პრლენდამ.
თუ აშშ-ის მიწოდება შეფერხდება ან შემცირდება, ევროპულ ქვეყნებს მოუწევთ ამ დანაკლისის დაფარვა, რამაც შესაძლოა ნატოში ახალი დაძაბულობა შექმნას ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით.
შედეგად, უკრაინამ და მისმა მხარდამჭერებმა შეიძლება დაიწყონ შეერთებული შტატების ნაკლებად საიმედო პარტნიორად აღქმა. მიუხედავად იმისა, რომ საერთო დახმარება კოლაფსის დაუყოვნებლივი რისკის ქვეშ არ დგას, რუსეთს შეუძლია ისარგებლოს დასავლელ მოკავშირეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოებით.