„შეიძლება ინსულტამდეც მიგიყვანოთ... " - გიორგი ღოღობერიძე ცნობილ მედიკამენტზე საუბრობს

2 hours ago 3

გიორგი ღოღობერიძე  იმ ფარული საფრთხეებზე  საუბრობს, რასაც ციტრამონის თვითნებური მიღება იწვევს.

„საქართველოში ციტრამონი არის ძალიან პოპულარული. სანამ მას მიიღებ, ეს ოთხი მარტივი რჩევა გაითვალისწინეთ. 

პირველი – როცა თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, ფიქრობთ, რომ ხომ არ არის ეს თავის ტკივილი გამოწვეული დაღლილობით, უძილობით, გამოშრობით და მოდი, დავლევ რაიმე ტკივილგამაყუჩებელს, მაგალითად ციტრამონს. მაგრამ, სანამ ციტრამონს მიიღებ, კარგად დაფიქრდი, ხომ არ გაქვს მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილი, იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს აქვს მაღალი არტერიული წნევა, მაგრამ ამის შესახებ არ იცის და უბრალოდ ფიქრობს გამაყუჩებელზე. აი ამ დროს, როცა წნევა მაღალია, თქვენ რომ დალიოთ ციტრამონი, მასში არსებული კოფეინი, რომელიც დაახლოებით არის 30 მილიგრამის ტოლი, არტერიულ წნევას კიდევ უფრო გაგიზრდით და ასე თავის ტვინის სისხლძარღვებს ბოლოს მოუღებს, შეიძლება მიგიყვანოთ ინსულტამდეც კი. ამიტომ, არასდროს არ დალიოთ ციტრამონი ასე ბრმად, ჯერ შეამოწმე, ხომ არ გაქვს მაღალი არტერიული წნევით გამოწვეული თავის ტკივილი.
მეორე – ციტრამონი არასდროს მისცეთ ბავშვებს, განსაკუთრებით 15 წლამდე ასაკის ბავშვებს ვირუსული დაავადებების დროს, იმიტომ, რომ ციტრამონში არის ასპირინიც და ასპირინის მიცემა ბავშვებში ვირუსული დაავადებების ფონზე ნიშნავს, რომ ღვიძლის დაზიანების ძალიან მაღალი რისკია, მათ შორის ღვიძლის მწვავე უკმარისობისა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ციტრამონის მიღება ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლთან კომბინაციაში, იმიტომ, რომ ციტრამონში არის პარაცეტამოლიც, პარაცეტამოლი და ალკოჰოლი ორივე რას შვრება, პარაცეტამოლიც, ალკოჰოლიც ორივე იწვევს ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებას, ამიტომ ეს ორი ერთად ასევე არ შეიძლება.

მესამე - არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ციტრამონი შეიცავს, როგორც უკვე ვთქვი, ასპირინს, ამიტომ, თუ თქვენ სვამთ, ვთქვათ, გამათხელებელს, ვთქვათ, კარდიომაგნილს, კარდიომაგნილის და ციტრამონის კომბინაციაშიც ძალიან ცუდია, ასე შეიძლება გაიზარდოს სისხლდენების რისკი.
და აქვე ბოლოს, კიდევ ერთი ბონუს რჩევა – არასდროს მიიღოთ ციტრამონი მშიერზე, იმიტომ, რომ ციტრამონი კუჭის ლორწოვანი გარსის შეთხელებას იწვევს, ამიტომ ის ყოველთვის უნდა მიიღოთ საკვების მიღების შემდეგ.“ - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

წყარო:  ​primetime.ge​​​

სრულად წაკითხვა