ყირიმში აღმოჩენილი უცნობი ქართული მონეტები

5 hours ago 3

კითხვის დრო: 7 წთ.

Qartuli monetebiისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე ყირიმში აღმოჩენილი უცნობი ქართული მონეტების შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვიზიარებს:

“საქართველოს ისტორიისთვის ამაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენა ვერ დასახელდება, მაგრამ რამდენი მიხვდებით ამას?

სრულად ვეთანხმები ისტორიკოსთა ნაწილს, რომელთა აზრითაც ქართული ისტორიოგრაფია დღეს მკვდარია, ეს გამოიხატება როგორც შთამბეჭდავი არქეოლოგიური მასალების, ისე თანმხვედრი წერილობითი წყაროების სრული უცოდინარობით.

კაფა/ყირიმის გენუური წყაროების თანახმად, გენუელთა ამ კოლონიაში იყენებდნენ დადიანის მიერ სოხუმში მოჭრილ ვერცხლის ფულს – ცხუმურ თეთრს (Albi di Sauastopolis), ბრწყინვალე არქეოლოგიური აღმოჩენების სერიით ირკვევა, რომ ყირიმში გამოიყენებოდა ყვარყვარე ჯაყელის ვერცხლის მონეტებიც, მოჭრილი ახალციხის ზარაფხანაში, რომელზეც გამოსახულია თევზი და ყვარყვარეს სახელის სარკისებურად შებრუნებული (როგორც ვამეყ დადიანის ცხუმურ თეთრზე) ინიციალები “ყრ”.

მონეტის აღნიშნული ტიპი დადასტურებულია ყირკ-იერის განძის შემადგენლობაში, აგრეთვე სუგდაიას (სუდაკი) სანავსადგურო ნაწილში მდებარე ტაძრის ნეკროპოლსში (1993 წ.)

2019 წელს ყირიმში კიდევ ორი ასეთი მონეტა აღმოაჩინეს, ერთ-ერთი მათგანი ნაპოვნია ჩუფუთ-ყალეს მთის სიახლოვეს.

როგორ აღმოჩნდა ყვარყვარეს მონეტები ყირიმში? ამას მეორე, ჩემი აღმოჩენიდან გაიგებთ, კი, აღმოჩენა ჰქვია ასეთ წყაროებს, რაც არ უნდა გავაბრაზოთ ამ სიტყვით ბატონი ხოფერია. ყირიმის გენუურ დოკუმენტებში გადავაწყდი ცნობას ხსენებული ყვარყვარეს ვაჭრების და ყირიმში მათი საქონლის შესახებ, დოკუმენტში ისინი დაფიქსირებული არიან როგორც “Subditorum domini Gorgoni Georgianorum” ანუ “ქვეშევრდომნი ქართველი ბატონი ყუარყუარესი”. აქვე იხსენიება მათი სავაჭრო საქონელიც (Rebus et mercibus).

ამდენად, სახეზეა შთამბეჭდავი თანხვედრა წყაროსა და არქეოლოგიურ მონაცემებს შორის.

სამცხის ყველაზე ძლიერი მთავარი, ყვარყვარე II ჯაყელი, შესანიშნავი მაგალითია ძლიერი ქართველი ხელისუფლისა, რომელიც ფართო და მოხერხებულ სავაჭრო ქსელს ფლობდა.

სამცხის მთავარი ქალაქი და სავაჭრო ცენტრი, ახალციხე, სადაც თევზის გამოსახულებიანი მონეტები იჭრებოდა, ყვარყვარეს მმართველობისას დიდი ქალაქი იყო. ჰოსეჲნ აბივერდი ყვარყვარეს ახალციხეს აღმოსავლური მჭევრმეტყველებით აღწერს:
“ქალაქია მეტად დიდი და განთქმული, ცის მსგავსად კიდე არ უჩანს.
მისი ცის თაღის მსგავსი საკერპო სახლის (ეკლესიის) ოთხივე კედელი ანგელოზების სურათებით იყო სავსე.
იქ მრავალი დიდი სახლი იყო… მისი ყოველი კედელი სიმაღლით ყველაფერს აღმატებოდა ამ ქვეყანაზე… ბურჯი და გალავანი ახალი ჰქონდა, მისი ხანდაკის უფსკრული ისე ღრმა იყო, ჯოჯოხეთი გეგონებოდა.
შიგ სახელოვანი ხალხი იდგა,
ყოველი მათგანი ვაჟკაცობით როსტომს ჰგავდა”.
(მაგალი თოდუას თარგმანი).

ერთის მხრივ, ყვარყვარეს ვაჭრები საქმიანობას ეწეოდნენ შირვანში, არეშში ისინი ძვირფას აბრეშუმს ყიდულობდნენ, მეორეს მხრივ კი, როგორც განხილული გენუური დოკუმენტიდან ვნახეთ, ისინი არ ერიდებოდნენ შავი ზღვის გადალახვას და ყირიმის გენუურ კოლონიაში ჩასვლას.

ყვარყვარეს ვაჭართა საქონელი, სხვასთან ერთად, უნდა ყოფილიყო შამახური და არეშული აბრეშუმიც, რომელსაც ყირიმში ამ დროს დიდი გასავალი ჰქონდა.

ყვარყვარეს ვაჭრებს შირვანიდან ყირიმში აბრეშუმის ჩატანა არ გაუჭირდებოდათ, რადგანაც მათი ძლიერი ბატონი ქალაქ ბათუმსაც ფლობდა, საიდანაც ყირიმში აბრეშუმი სპარსელ და სომეხ ვაჭრებსაც ჩაჰქონდათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის გარემოება რომ ყვარყვარე თავისი ქვეშევრდომი ვაჭრების თავგამოდებული მცველი იყო, “ახალ ქართლის ცხოვრებაში” ამაზე საყურადღებო ისტორიული გადმოცემაა დაცული, სადაც მოთხრობილია არეშში ყვარყვარეს ერთ-ერთი ვაჭრის დაჩაგვრის შესახებ. ვაჭარმა ყვარყვარეს შესჩივლა, რის შემდეგაც ქედმაღალი მთავარი ხუთასკაციანი რაზმით დაეცა თავს არეშს და სამაგალითოდ დასაჯა დამნაშავე:
“ხოლო ამა ყუარყუარე ათაბაგისა ვაჭარი მივიდა ქუეყანასა არეშისასა სყიდვად აბრეშუმისა. და რომელიმე მუნებური ვაჭარი და ესე ყუარყუარეს ვაჭარი წაიკიდნენ, და სძლო არეშელმან ვაჭარმან და კიდეც გალაჴა და აბრეშუმიც წაართუა, და ესრეთ კადნიერებით ეტყოდა: „წარვედ პატრონისა შენისა და აუწყე ჭირი შენიო, და ესე არ მიყოს ბატონმა შენმაო, დუქანი არ დამიქციოსო და ჩემს დუქანზედ ყურით არ მიმაკრასო“. და რა ესე უყვეს ვაჭარსა მას, წარმოვიდა მსწრაფლ და მოვიდა ათაბაგისად და აუწყა ყუარყუარეს ყოველივე საქმე მისი ვაჭარმან მან.
და რა ესმა ესე ყუარყუარეს, წარმოვიდა განრისხებული ხუთასითა რჩეულითა სპითა, გარდმოვლო ფარავახი და ჩამოვლო დმანისი. უმასპინძლეს ორბელიანთა და წარვიდა, ჩამოვლო ხუნანი, განვიდა მტკუარსა და მივიდა არეშს. მიიძღუანა ვაჭარი სახლსა მის არეშელისა ვაჭრისსა, შეუჴდუნნა კაცნი. გამოიყვანეს კაცი იგი და მიიყვანეს თავის დუქანზედა და ყურითა მიაჭედეს და წიხლიცა უკრა დუქანსა, და ეგრეთვე უყო ყოველივე, როგორც მას ეთქუა. და აბრეშუმიც გამოატანინა ვაჭარსა. მას და წარმოვიდა უშიშრად”.

ყვარყვარეს “სავაჭრო ქსელის” (შირვანი-ახალციხე-ბათუმი-ყირიმი) გაფართოებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ძლიერი და ენერგიული მთავრის მიერ არზრუმის (1491) და ტრაპიზონის (1472) აღებას.

ყვარყვარე ჯაყელმა თურქმანთა თავდასხმა წარმატებით მოიგერია, 1491 წელს კი თვითონ წამოიწყო შეტევა და აიღო და დახარკა უდიდესი ეკონომიკური ცენტრი, ქალაქი არზრუმი, ქართული წყაროების კარნუ ქალაქი.
რაც შეეხება ტრაპიზონს. თურქთაგან ტრაპიზონის აღების და იმპერატორის სიკვდილით დასჯის შემდეგ, სამეფო სახლის გადარჩენილი უფლისწული – გიორგი, სამცხეში აღმოჩნდა, ყვარყვარემ გიორგის ქართველი ქალი შერთო ცოლად.

სპანდუნესი წერს რომ ქართველი მთავარი, რომელმაც გიორგი შეიფარა, იყო Gurguiabei. მკვლევრები ამ სახელს კითხულობენ “გურიის ბეიდ”, მაგრამ რეალურად აქ ნაგულისხმევია ყუარყუარე/ყვარყვარე, ლათინური წყაროების გურგურა/გორგონი.

1472 წელს ყვარყვარემ ტრაპიზონის აღება მოახერხა, მაგრამ რამდენადაც ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა თურქებს უკვე გადასახლებული ყავდათ და მათ ადგილას თურქები იყვნენ ჩასახლებული, ყვარყვარემ დასაყრდენის პოვნა და ქალაქის შენარჩუნება ვერ შეძლო. ზღვიდან თურქული გალერების მოახლოების შემდეგ მან და გიორგიმ ტრაპიზონი დატოვეს.

ზემოხსენებულმა გამარჯვებებმა, მეორეს მხრივ კი ერთიანი საქართველოს ბოლო მეფის, გიორგი მერვის დატყვევებამ, ყვარყვარეს ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა. ევროპელ პოლიტიკოსებთან კოალიციით იგი მთელი ანატოლიის დაკავებისთვის და აქედან თურქთა განდევნისთვის ემზადებოდა.”

სრულად წაკითხვა