ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წიქარიშვილის ნაცვლად კაკოჩაშვილი დანიშნა

1 month ago 32

„ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის ნაცვლად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს.

„საქმეში არსებული მასალების სრულყოფილად გაცნობის შედეგად, ცხადად გამოიკვეთა, რომ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურული დარღვევებით“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი 2024 წლის 15 ივლისს დანიშნა. მისმა კონკურენტმა მანუჩარ კაკოჩაშვილმა კი ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევამდე არ დაასრულა.

ამ საკითხის შეფასების დროს სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ „სასამართლო უფრო და უფრო იქცევა ბუტაფორიად“.

2025 წლის 12 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ოტიაშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა და მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე მისი კონკურენტის მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის დავალება გასცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია - მისი მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საერთო სასამართლოებში (საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში) მოსამართლეების დანიშვნა. პირველ და მეორე ინსტანციაში გადაწყვეტილებას საბჭო დამოუკიდებლად იღებს, უზენაეს საბჭოში კი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს პარლამენტი ამტკიცებს.

ამ უწყებას კახა წიქარიშვილი ხშირად აკრიტიკებდა. იუსტიციის საბჭოს დანიშნულია მოსამართლე ბაია ოტიაშვილიც, რომელმაც წიქარიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა.

სრულად წაკითხვა