ღმერთი აგვიანებს… რომ აღადგინოს – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

3 weeks ago 21

ვნების კვირა ახლოვდება და მის მიჯნაზე, ლაზარეს და მისი აღდგომის სახით, ჩვენ გვეძლევა დიდი სიხარული და იმედი: უფალი ძლიერია სიკვდილზე, უფალმა დაამარცხა იგი – არა მხოლოდ იმ პირდაპირი მნიშვნელობით, როგორშიც ეს გამარჯვება ლაზარეს ფიზიკურ აღდგომაში გამოჩნდა, არამედ კიდევ სხვა, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო პირდაპირ ეხება თითოეულ ჩვენგს ყოველდღიურად.

ღმერთმა ადამიანი თავის მეგობრად შექმნა; ეს მეგობრობა, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდა და გამტკიცდა ჩვენი ნათლობით. თითოეული ჩვენგანი ღმრთის მეგობარია, ისევე როგორც ლაზარეს უწოდა; და თითოეულ ჩვენგანში ოდესღაც ცხოვრობდა ეს ღვთის მეგობარი: ცხოვრობდა ღვთის მეგობრობით, იმედით, რომ ეს მეგობრობა გაღრმავდებოდა, გაიზრდებოდა, გაბრწყინდებოდა. ზოგჯერ ეს ხდებოდა ჩვენს ბავშვობის ადრეულ დღეებში; ზოგჯერ კი მოგვიანებით, ახალგაზრდობაში: თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობდა ეს ქრისტეს მეგობარი.

შემდეგ კი, ცხოვრების მანძილზე, როგორც ყვავილი ჭკნება, როგორც ცვდება ჩვენში სიცოცხლე, იმედი, სიხარული, სიწმინდე – ასე გამოილია ამ უფლის მეგობრის ძალაც ჩვენში. და ხშირად ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენს შიგნით, თითქოს საფლავში, სადღაც წევს – ვერ ვიტყვით “ისვენებს”, არამედ უბრალოდ წევს, საშინელი სიკვდილით მოცული – ეს უფლის ოთხდღიანი მეგობარი, ის, ვინც მოკვდა, ვის საფლავთან მისვლაც დებსავ კი ეშინიათ რადგან ის უკვე იხრწნება…

და ამ მეგობარზე როგორ ხშირად ტირის ჩვენი სული, როგორ ხშირად ტირიან მართა და მარიამი: ჩვენი სულის ის მხარე, რომელიც მოწოდებით, თავისი ძალით და უნარით უფლის ფერხთით დუმს, ისმენს მის ყოველ სიტყვას, ცოცხლდება და კრთის უფლის ცხოველმყოფელ ყოველ სიტყვაზე; და ჩვენი სულის ის მხარე, რომელიც მართას ჰგავს, რომელსაც შეეძლო სიმართლითა და სიწმინდით, შთაგონებით ღვთის საქმეების ქმნა ცხოვრებაში, არა როგორც დაბნეულ მსახურს, არა როგორც მოფორიაქე მართას, როგორიც ხშირად ვართ, არამედ როგორც მშრომელ, შემოქმედ, ცოცხალ მართას, რომელსაც შეუძლია თავისი ხელებით, სიყვარულითა და მზრუნველობით ყველაფერი უბრალო ჩვენს გარშემო ღვთის სამეფოდ, ადამიანისა და ღვთის სიყვარულის გამოვლენად გარდაქმნას. ეს ორი ძალა ჩვენში – მართა, როგორც ძალა შემოქმედობითობისა და მარიამი, როგორც ძალი მჭვრეტელობისა, მწუხარებენ უფლის მეგობრის, ლაზარეს სიკვდილის გამო.

და პერიოდულად, როცა უფალი უფრო და უფრო გვიახლოვდება, ჩვენ მზად ვართ მართასავით შევძახოთ: უფალო, რატომ არ იყავი აქ მაშინ, როდესაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ომი მიმდინარეობდა, მაშინ, როდესაც ლაზარე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო – მხოლოდ სასიკვდილოდ იყო სნეული და შესაძლებელი იყო მისი წუთისოფელში დატოვება! შენ რომ აქ ყოფილიყავი, იგი არ მოკვდებოდა…- და გვესმის უფლის სიტყვები: გწამს, რომ იგი აღდგება? – და ჩვენც, მართას მსგავსად მზად ვართ ვთქვათ: დიახ, უფალო, – უკანასკნელსა დღესა…

თუმცაღა, როდესაც მართა ამ სიტყვებს ამბობდა, იგი ასეთი იმედით წარმოთქვამდა მათ: მე ყოველთვის მწამდა, რომ შენ ხარ – უფალი და მწამს, რომ ლაზარე უკანასკნელ დღეს აღდგება !…ჩვენ კი, ამას სევდიანად, მწუხარებით ვამბობთ: დიახ, უკანასკნელ დღეს აღდგება, როცა, როგორც ამბობს დიდი კანონი, დასრულდება ცხოვრების ზეიმი, როცა უკვე გვიანი იქნება ამ ქვეყანაზე ყოველი საქმის აღსრულება, გვიანი იქნება რწმენით, იმედითა და სიყვარულით ცხოვრება…

მაგრამ, მართას მსგავსად უფალი ჩვენც გვესაუბრება; ჩვენს უსასოობას, როგორც მართას სრულყოფილ სასოებას ისე მიმართავს: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს…

აქ კიდევ ერთ რამეს გავიხსენებ: მართამ არ იცოდა, რომ ამ მოვლენამდე სამი დღით ადრე, ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ მისი მეგობარი სასიკვდილოდ იყო ავად, რომ მან დაუშვა მისი სიკვდილი, რათა აღედგინა, თუმცაღა, გამოცდილებით მდიდარ და უფლის გამარჯვების იმედით აღსავსე მართას რწმენას უკვე ვერაფერი შეარყევდა…

მოდის უფალი და ლაზარეს მკვდრეთით აღდგომას უბრძანებს: ეს არის თვალსაჩინო ხატება ჩვენთვის. ყოველ ჩვენგანში არსებობს იგი – მკვდარი, ძლეული და ხშირად უიმედო ამაოებით გარემოცული. დღევანდელი სახარება კი, ვნების კვირეულის ზღვართან მდგარი, გვეუბნება: ნუ გეშინია! – მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! უფლის ის მეგობარი, რომელიც ჩვენში ცხოვრობდა, რომელიც ახლაც ჩვენშია და უიმედოდ გარდაცვლილს მიაგავს, შეიძლება ჩემი ერთი სიტყვით აღდგესო – ამბობს უფალი – და აღდგება ჭეშმარიტად!

აი, ამ იმედით შევაბიჯოთ ვნების კვირეულში და ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მივდივართ აღდგომისაკენ, დროებითიდან მარადისობაში, სიკვდილისაგან სიცოცხლეში გადასასვლელად და ჩვენი დამარცხებებიდან უფლის გამარჯვებისაკენ. იმ კეთილკრძალული ფიქრით შევაბიჯოთ ვნების დღეებში, თუ როგორ შეგვიყვარა უფალმა და რის ფასად მოგვანიჭა სიცოცხლე, შევიდეთ უკვე იმედით, ნათლითა და სიხარულით მომავალი აღდგომისა. ამინ.


წყარო: azbyka.ru

სრულად წაკითხვა