ღია წერილი ევროკავშირს უწყვეტი პროტესტის მონაწილეებისგან

1 hour ago 3

უწყევტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებმა დღეს, 5 ივლისს, ღია წერილით მიმართეს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:


ღია წერილი ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისგან:

მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ, ვინც თითქმის 600 დღეა, უწყვეტ და მშვიდობიან პროტესტს განვაგრძობთ თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მხოლოდ ერთი მისწრაფებით – დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საზოგადოების თავისუფალი განვითარება.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განმტკიცებული საყოველთაო არჩევანია, რაც საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომას მიმართოს ქართველი ხალხის აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

2023 წლის 14 დეკემბერს საქართველოსთვის მინიჭებულმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა გაწევრიანების რეალური პერსპექტივა გაგვიჩინა. დღეს ეს პერსპექტივა უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო კი ამ პროცესის მიღმა რჩება, არა იმიტომ, რომ საზოგადოებამ ასე გადაწყვიტა, არამედ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული კურსის შედეგად.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნები არსებითი ხასიათის დარღვევებით წარიმართა.

28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, 2028 წლამდე, დღის წესრიგიდან მოხსნა საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი და ამით უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია, რაც ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის საფუძველი გახდა.

საზოგადოების მშვიდობიან წინააღმდეგობას მოჰყვა სისტემური ძალადობა და რეპრესიები. „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საპოლიციო ძალებმა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე სცემეს, დაასახიჩრეს და გაზით მოწამლეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც კონსტიტუციის დაცვა მოითხოვეს.

უსამართლო ჯარიმები ადამიანების ეკონომიკურ გამოფიტვას ისახავს მიზნად. დეზინფორმაცია, მუქარა და დაშინება კი ყოველდღიურ რეალობად იქცა.

დღეს წინააღმდეგობის მოძრაობის 100-ზე მეტი წევრი პოლიტიკური და სინდისის პატიმარია, მათ შორის, ჟურნალისტები, კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, მასწავლებლები, სტუდენტები და პოლიტიკოსები.

„ქართული ოცნება“ გეგმაზომიერად ავრცელებს საზოგადოებისთვის დამაზიანებელ დეზინფორმაციას და ეწევა ანტიეროვნულ პროპაგანდას. ასევე მიზანმიმართულად მიმდინარეობს წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ადამიანების დისკრედიტაცია და მარგინალიზაცია საზოგადოების თვალში. ამ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნების“ თავდასხმის სამიზნედ იქცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავისუფალი მედია.

რეპრესიული პოლიტიკის შედეგად მოქალაქეები იძულების წესით მასობრივად ტოვებენ სამშობლოს. ქვეყანას ეცლება ძალა, რომელზეც მისი მომავალია დამოკიდებული-  ახალგაზრდები, პროფესიონალები, სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეები.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქართველი ხალხის ნება უცვლელია. უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% კვლავ ერთგულია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის; 75% ევროკავშირში გაწევრიანებას ქვეყნის უსაფრთხოების აუცილებელ პირობად მიიჩნევს, ხოლო 87% თვლის, რომ საქართველომ ამ გზაზე კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

მადლიერებას გამოვხატავთ საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების მთავრობების, მათი ელჩებისა და მეგობარი ხალხების მიმართ, ევროინტეგრაციის მხარდაჭერისა და პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ჩვენი თანამოაზრეების გათავისუფლების საკითხში გამოხატული მორალური და პოლიტიკური სოლიდარობისთვის, რის გამოც ბევრი მათგანი უსამართლო თავდასხმის ობიექტიც კი გახდა.

ჩვენ ვიდგებით ბოლომდე. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ გათავისუფლდებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, არ აღდგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ევროპული და ევროატლანტიკური კურსი და საზოგადოების ნება არ გამოიხატება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.”


რუსთაველის გამზირზე დღეს უწყევტი პროტესტის 585-ე დრე მიმდინარეობს.

სრულად წაკითხვა