„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიას ესტუმრა

1 month ago 27

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 26 მარტს ავსტრიას ეწვია, სადაც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება და სასამართლო რეფორმებში, ადამიანის უფლებებსა და საარჩევნო პროცესის მთლიანობაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდა. მან ასევე დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე და რუსული დეზინფორმაციის მიმართ მედეგობის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ერთობლივი პრესკონფერენცია

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბეათე მაინლ-რაიზინგერმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან წარუმატებლობას განიცდის სასამართლო რეფორმებში, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებათა დაცვაში.

მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება და სერიოზული შეშფოთება გამოხატა კანონმდებლობაზე, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოებაა.

მაინლ-რაიზინგერის თქმით, მან მკაცრად განუცხადა ბოჭორიშვილს, რომ ავსტრია გმობს ძალადობას პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. მან ასევე მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უფრო ფართო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზეც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია „მედეგობის გაძლიერება“ რუსეთის მცდელობების მიმართ, რომ ინსტიტუტების დესტაბილიზაცია მოახდინოს და დეზინფორმაცია გაავრცელოს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ საერთაშორისო წესრიგი დაეფუძნება არა წესებს, არამედ იმ აზრს, რომ „ძალა მართალია“, შედეგები ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც ავსტრია და საქართველოა, უზარმაზარი იქნება.

მან საქართველოში პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგისა და ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს გაუსვა ხაზი. ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „სუვერენული არჩევანია“ იყოს ევროკავშირის ნაწილი და გამოთქვა იმედი, რომ „მალე გვექნება შესაძლებლობა ჩავერთოთ ღია დიალოგში“ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ.

როდესაც ბოჭორიშვილს ევროპარლამენტის პოზიციის შესახებ ჰკითხეს, რომელიც არ აღიარებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და „ქართული ოცნების“ არჩეულ პრეზიდენტს, მან განაცხადა, რომ არ არსებობს არჩევნების გაყალბების მტკიცებულება. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებს 1200-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ესწრებოდა და დასძინა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა დარეგისტრირების და მონაწილეობის შესაძლებლობა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი „თავისუფალ გარემოში“ გააკეთა.

მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის „დემოკრატიული არჩევანის“ პატივისცემის მნიშვნელობას. ბოჭორიშვილმა ევროინტეგრაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი უწოდა და ევროპელ პარტნიორებთან დიალოგის გაგრძელების იმედი გამოთქვა. ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზი

შეხვედრის შემდეგ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კურსის შეცვლისა და მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. მინისტრმა მაინლ-რაიზინგერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ ძალადობა მიუღებელია.

„აქ კურსის შეცვლა სასწრაფოდ არის საჭირო! პოლიტიკურ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი აუცილებელია – მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს, დაძლიონ განხეთქილება და პოლარიზაცია“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესრელიზში ხაზგასმულია ევროკავშირის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიუხედავად. მასში ასევე ხაზგასმულია კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობა რუსეთის დესტაბილიზაციის ტაქტიკასთან დასაპირისპირებლად და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის გასაძლიერებლად.

„ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – ნათქვამია პრესრელიზში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრისას ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში“ და ქვეყნის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

„შეხვედრაზე ისაუბრეს  საქართველოსა და მთელ რეგიონში  სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობზე შემდგომი განვითარებისთვის“, – ნათქვამია საგარეო უწყების პრესრელიზში.  „ავსტრიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“.

„ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ,   ქართულმა მხარემ  კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად,  მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია პრესრელიზში.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ბეათე მაინლ-რაიზინგერს მასპინძლობისთვის და „მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა