„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 16 აპრილს მესამე და საბოლოო მოსმენით „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლებიც უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. ცვლილებებს, რომლებიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ. ცვლილებები „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერისთანავე შევა ძალაში.
ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. ამასთან, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ ცვლილებები მმართველი პარტიის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის ნაწილია. მათ ცვლილებები „ქართველი ხალხის დევნის აქტად“ შეაფასეს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“.
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დღეს X-ზე დაწერა, რომ „რაც არ უნდა თქვას ამ ყალბმა პარლამენტმა, ჩვენ არასოდეს შევწყვეტთ მხარდაჭერას“.
ცვლილებების მიღებამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა „არასასურველად“ დაასახელა რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაცია – მათ შორის სამოქალაქო პლატფორმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საფარი, და ისინი საქართველოში რევოლუციების დაფინანსებაში დაადანაშაულა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ აღარ უნდა ჰქონდეთ გრანტების მიღების უფლება.
ამავე საკანონმდებლო პაკეტში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 80 ხმით 0-ის წინააღმდეგ საბოლოო მოსმენით ცვლილებები მიიღო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში. ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/04/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რიგი შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური)