„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა

2 days ago 2

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მმართველი პარტიის ახალ თავმჯდომარედ 7 მაისს გამართულ ყრილობაზე დაინიშნა, მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს განაცხადა, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან მიდის. ახალი თავმჯდომარის რანგში კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

კობახიძემ თავისი გამოსვლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქებით დაიწყო. მან ასევე მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის, განსაკუთრებით 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების დროს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს ყავს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებშიც, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია და ჩვენ გვქონდა უწყვეტი 13-წლიანი მშვიდობა“, – განაცხადა კობახიძემ. „ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობასა და ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის“.

„კიდევ ერთხელ მადლობა: სამშობლოსთვის თავდადებისთვის, უდიდესი სიბრძნით, შორსმჭვრეტელობითა და მოთმინებით ქართული საქმის კეთებისთვის, საქართველოში ავტორიტარიზმის დასრულებისა და ქვეყანაში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების განმტკიცებისთვის“, – განაცხადა მან.

პარტიის თავმჯდომარის რანგში გამოსვლისას კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების“ ნარატივი უცხოური ჩარევის შესახებ და იმ „გავლენიანი ძალების“ შესახებ გააფრთხილა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ „სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი“, დაანგრიონ ეკონომიკა და ფეხქვეშ გათელონ დემოკრატიული ღირებულებები, კულტურა და რელიგია.

„ვხედავთ, როგორ ცდილობენ გავლენიანი ძალები, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი; ვხედავთ, როგორ ანგრევენ მრავალი ქვეყნის ეკონომიკას; ვხედავთ, როგორ თელავენ ფეხქვეშ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ამ პრინციპების სამშობლოდ მიიჩნევიან; ვხედავთ, როგორ ცდილობენ ეროვნული და რელიგიური იდენტობა წაუშალონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან ქრისტიანობას და სხვა ტრადიციულ რელიგიურ აღმსარებლობებს; ვხედავთ, როგორ ებრძვიან და აუფერულებენ კულტურის ყველა სფეროს; ვხედავთ, როგორ იყენებენ სხვადასხვა ქვეყანას საზარბაზნე ხორცად საკუთარი მანკიერი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად; ვხედავთ, როგორ ცდილობენ წაშალონ ადამიანების პიროვნული იდენტობა, როგორ უპირისპირდებიან მორალს და ტრადიციულ ღირებულებებს, ნერგავენ უამრავ მანკიერებას…“, – განაცხადა მან.

„მთელი 13 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა: საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის“, – განაგრძო კობახიძემ; „გვიწევს ბრძოლა: ქრისტიანობის დასაცავად, მშვიდობის შესანარჩუნებლად, ტრადიციული ღირებულებებისა და საზოგადოებრივი მორალის განსამტკიცებლად. ეს არის უთანასწორო ბრძოლა, სადაც უპირატესობის შენარჩუნების შესაძლებლობას მხოლოდ სიმართლე გაძლევს. ეს არის ურთულესი ბრძოლა, სადაც სიმტკიცის შენარჩუნების ძალას გაძლევს რწმენა, რომ ნებისმიერი სისუსტის გამოვლენა შენს ქვეყანას განადგურებად შეიძლება დაუჯდეს და შესაბამისად, ნებისმიერი უკან დახევა არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე“.

სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიამ დაიწყო მზადება მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის და გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეათე არჩევნებში გაიმარჯვებს.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიზნებზე და მათ შორის დაასახელა „დემოკრატიული სისტემისა და სამართლის უზენაესობის კიდევ უფრო განმტკიცება, საქართველოს დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, ქართული ეკონომიკის განვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარება, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება“.

მისი თქმით, პარტიის მიზანია უკეთესო ეკონომიკური პირობების შექმნა თითოეული ოჯახისთვის და საქართველოს გამთლიანება.

„ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გამთლიანებაში ჩვენ ვგულისხმობთ საქართველოს ფიზიკურ გაერთიანებას. აფხაზეთისა და აფხაზების, ცხინვალისა და ოსების დაბრუნებას ერთიან ქართულ სახელმწიფოში“.

გამოსვლის დასასრულს კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს 15 წევრიანი განახლებული სია  წარადგინა, რომელთა უმეტესობაც საერთაშორისო სანქციების ქვეშაა:

  1. ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე
  2. ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე
  3. კახა კალაძე – „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი
  4. შალვა პაპუაშვილი – „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე
  5. მამუკა მდინარაძე – „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
  6. გიორგი ვოლსკი – „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
  7. თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი
  8. ვახტანგ გომელაური – „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრი
  9. ირაკლი ჩიქოვანი – „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი
  10. მაკა ბოჭორიშვილი – „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი
  11. ნიკოლოზ სამხარაძე – „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
  12. მარიამ კვირიშვილი – „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
  13. დიმიტრი სამხარაძე – „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი და პარლამენტის წევრი
  14. სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
  15. ნინო წილოსანი – „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა