ქართველი მიგრანტი ლუიზიანაში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა

2 hours ago 2

4 ივნისს, ლუიზიანაში, აშშ-ს იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) პატიმრობაში 43 წლის საქართველოს მოქალაქე, მამუკა ართმელაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებამ ინფორმაცია 7 ივნისს გაავრცელა. ABC News-ის ინფორმაციით, იგი 50-ე ადამიანია, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ვადის დროს ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.

ICE-ის ცნობით, ართმელაძე, „არალეგალი უცხოელი საქართველოდან“, 22:37 საათზე  „გონდაკარგული იპოვეს“, რამაც ვინის სასჯელაღსრულების ცენტრის თანამშრომლები აიძულა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოეძახებინათ და „სიცოცხლის გადარჩენის ზომები“ მიეღოთ. ის სასწრაფო დახმარების მანქანით სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც „სამედიცინო პერსონალმა რეანიმაციული ზომები განაგრძო“, თუმცა ადგილზე მყოფმა ექიმმა 23:22 საათზე იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.

„მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი აუტოპსიის შემდეგ გაირკვევა“, – განაცხადა ICE-მ.

უწყების ინფორმაციით, ართმელაძე შეერთებულ შტატებში „არალეგალურად და შემოწმების გარეშე, უცნობ თარიღსა და დროს“ შევიდა. 2022 წლის 25 სექტემბერს იგი აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა დააკავა. ოფიციალური პირების თქმით, იგი ხელწერილით გაუშვეს და 60 დღეში ICE-ში გამოცხადება დაავალეს.

2026 წლის 5 თებერვალს, ICE-ის ახალი ორლეანის სააღსრულებო ოპერაციების ჯგუფმა ართმელაძე ალაბამას შტატის ქალაქ ფაკლერის მახლობლად დააკავა იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ იყო მიმართული“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა, რომ იგი „მას შემდეგ დააკავეს, რაც ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ მას არ ჰქონდა შეერთებულ შტატებში ყოფნის კანონიერი საფუძველი“.

სამსახურის თქმით, აშშ-ის უწყებებთან ერთად, ართმელაძის გარდაცველის შესახებ საქართველოს საკონსულოს და მის უახლოეს ნათესავებს ეცნობათ.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა