ქართველმა კინორეჟისორმა უტა ბერიამ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა საპროტესტო აქციების შესახებ მისი ფილმის „ცრემლსადენი გაზი“ გადაღებისთვის მოპოვებული დაფინანსების ნახევარი არ მისცა, მოგვიანებით კი ლოკარნოს კინოფესტივალს წერილი გაუგზავნა, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო.
19 აგვისტოს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ბერიამ განაცხადა, რომ კინოცენტრმა 2022 წელს მოპოვებული „დაფინანსების ნახევარი“ არ მისცა და ამის მიზეზი არც დაუსახელებია. „ბიუჯეტის შემცირების, პირადი სახსრების და ვალების აღების ხარჯზე ჩვენ მაინც შევძელით ფილმის დასრულება“, – აცხადებს ბერია და დასძენს, რომ ლოკარნოზე პრემიერის წინ, კინოცენტრისგან მიიღო გაფრთხილების წერილი, რომ ფილმის საჯაროდ ჩვენების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.
მისივე ინფორმაციით, კინოცენტრმა ლოკარნოს კინოფესტივალსაც გაუგზავნა წერილი, რომ ფილმის პრემიერა არ შემდგარიყო. „საბედნიეროდ ფესტივალმა ფილმი კონკურსში დატოვა და ფესტივალის მაყურებელს მიეცა მისი ნახვის შესაძლებლობა“, – წერს ბერია.
„ჯერ ეცადნენ, რომ ფილმი ვერ დამესრულებინა, და ახლა ცდილობენ ფილმი მაყურებლამდე არ მივიდეს“, – აცხადებს ბერია.
მისი თქმით, მისი კოლეგების უმრავლესობას დღეს ფილმების გადაღების შესაძლებლობა არ აქვს და „ამ დროს ინსტიტუციას რომელიც ქართულ კინოს მხარს უნდა უჭერდეს, მართავენ ადამიანები რომლებმაც ცენზორის როლი მოირგეს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები