"ემანუელ მაკრონი და მე პარიზში შევთანხმდით "გერმანია-საფრანგეთის ახალ სტარტზე" ევროპისთვის" - აცხადებს გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც პოსტზე დამტკიცების შემდეგ პირველად საფრანგეთს ეწვია - "ეს განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს: ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას იარაღის სფეროში და გავაძლიერებთ ნატოს ევროპულ სვეტს".
„პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ევროპის გულში“ - წერს ფრიდრიხ მერცი X-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ორი ქვეყანა „ერთად წინ წასწევენ ევროპას“. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება მერცის ვიზიტს - „ჩვენს ხელშია, რომ ეს მოხდეს“ - წერს მაკრონი.
ფრიდრიც მერცი აღნიშნავს, რომ მას და ემანუელ მაკრონს არაერთხელ გაუზიარებიათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები - „ჩვენ გვჯერა გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის!“.
ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება.
„გერმანია კვლავ იღებს პასუხისმგებლობას - არა ხმაურიანი, არამედ სანდო. არა აროგანტული, არამედ თანამშრომლური“ - აცხადებს გერმანიის კანცლერი.
ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე 6 მაისს მეორე მცდელობისას დაუჭირა მხარი ბუნდესტაგის 325-მა დეპუტატმა. პირველი კენჭისყრა წარუმატებელი აღმოჩნდა - მერცს 6 მხარდამჭერი ხმა დააკლდა (საჭირო იყო 316) და მეორე კენჭისყრა სამშაბათსვე, რამდენიმე საათში გაიმართა.