ფეხბურთელ იან დიომანდეს ემოციური წერილი გარდაცვლილ დას

2 hours ago 3

ძვირფასო როქსან,

გახსოვს, ვიღაცამ „იუნაიტედის“ ყალბი მაისური რომ მიყიდა და ზურგზე შავი მარკერით Ronaldo 7 დავაწერე?
ჩვენ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა სიმდიდრე ან სიღარიბე. ჩვენ მხოლოდ ბედნიერება ვიცოდით.

გახსოვს, აბიჯანში ერთ სახლში 25 ადამიანს რომ გვეძინა? დედას თავისი სერიალების ყურება უნდოდა, სხვებს – ფილმების. გახსოვს, როგორ ვიკატუნებდი თავს, თითქოს მეძინა და შუაღამის შემდეგ ტელევიზორის ოთახში ვიპარებოდი? ტელევიზორს ძალიან ხმადაბლა ვრთავდი. ხმის მხოლოდ 2 ხაზზე. სიბნელეში ფეხბურთს ვუყურებდი და ვოცნებობდი.

გახსოვს, უფროსებმა მტვერში ფეხბურთის თამაშისას რომ დამინახეს და „რობერტო კარლოსი“ შემარქვეს, რადგან ბურთს ძალიან ძლიერად ვურტყამდი? და ის თუ გახსოვს, გულში როგორ ვბრაზდებოდი ამაზე, რადგან ჩემი კერპი CR7 იყო?

გახსოვს, სახლიდან ასე შორს რომ წავედი სათამაშოდ? 9 წლის ვიყავი. გუნდი Inter Foot Sud Comoé, სადღაც განის საზღვართან. სრულიად მარტო მყოფი პატარა ბიჭი. არ ვიცი, ეს ამბავი ოდესმე მოგიყევი თუ არა, მაგრამ მე და სხვა ბავშვები სოფელში მივდიოდით და კარტოფილს ვიპარავდით, რადგან ძალიან გვშიოდა. ნამდვილ „ბანკის ძარცვას“ ვაწყობდით. ორი ბავშვი მაღაზიის მფლობელს ართობდა, დანარჩენი 18 კი ორი კარტოფილით გარბოდა. არც კი ვარგოდა ის კარტოფილი, მაგრამ საოცრად გემრიელი გვეჩვენებოდა.

ჰაჰაჰა. ეს ჯერ კიდევ ჩემი საყვარელი საჭმელია. მოხარშული კარტოფილი ცოტა ზეთით. იმ დროს მახსენებს.

გახსოვს, პირველი ნამდვილი საფეხბურთო ბუცები რომ მივიღე და მათთან ერთად მეძინა? ბავშვობაში სულ იმ თეთრი პლასტმასის სანდლებით ვთამაშობდი. ახლაც კი, როცა სახლში ვბრუნდები, ისევ მათით ვთამაშობ. ეს ჩვენი ტრადიციაა.

გახსოვს, სახლში რომ ვბრუნდებოდი და ჩვენი უბნის ბავშვებს ეუბნებოდი: „ვარჯიშს რატომ შეეშვით? იანი მანქანებს არ გიყიდით. მუშაობა უნდა გააგრძელოთ.“

10 წლის იყავი და უკვე ჩემი აგენტი.

გახსოვს, როგორ ვისხედით და საფრანგეთში გადასვლაზე ვოცნებობდით? როგორ ვივლიდით საყიდლებზე, როგორ გვექნებოდა ჩვენი საკუთარი ბინა, მე კი მდიდარი ფეხბურთელი ვიქნებოდი მანქანებითა და დიდი სახლით და შენ აღარაფერზე მოგიწევდა დარდი. შენ იყავი ის, ვისაც ყოველთვის სჯეროდა, რომ შემეძლო შემდეგი კრიშტიანუ ვყოფილიყავი, როცა სხვები დამცინოდნენ.

გახსოვს, 15 წლის ასაკში სკოლაში სასწავლებლად ამერიკაში რომ გადავედი და სახლი ისე ძალიან მენატრებოდა? თვეების განმავლობაში ვერ ვიგებდი, რას ამბობდა ხალხი. ერთი ფრანგი ბავშვის გვერდით დამსვეს და ის ცდილობდა ყველაფრის თარგმნას, რასაც მასწავლებელი ამბობდა. გახსოვს, რომ დაგირეკე და გითხარი: „ვერ დაიჯერებ, აქაური ბავშვები მასწავლებლებს ეკამათებიან.“

იცი, ჩვენთან, უფროსების წინაშე თვალის დახამხამებასაც ვერ ვბედავდით.

გახსოვს, ვერ ვიჯერებდი, ბავშვები სკოლის მერე რომ ეწეოდნენ?

მეუბნებოდი ხოლმე, ისე ჟღერს, თითქოს ამერიკულ სერიალში ხარო.

გახსოვს, სინჯებზე რომ წამიყვანეს „ბორნმუთში“? „ჩელსიში“, „რეინჯერსში“, „ოლიმპიაკოსში“, „კრისტალ პალასში“? ერთი ვარჯიშის მერე ეზე და ოლისეც კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „ეი, ბიჭო, მართლა ძალიან მაგრად თამაშობ.“

მაგრამ კონტრაქტი მაინც არავინ გამიფორმა.

MLS-ის B გუნდებსაც კი არ ვუნდოდი. არც კი ვიცოდი, რატომ. მიზეზს არასდროს მეუბნებოდნენ. ყველაფერს უფროსები აგვარებდნენ. უბრალოდ დამატარებდნენ მთელ ევროპაში და ყველა უარს ამბობდა.
ვიზის ვადა გამივიდა. ჩემი ოცნება დასრულდა. უკან, აფრიკაში გამომიშვეს და ჩვენ ერთად ვტიროდით.
შენ იყავი ის, ვინც რწმენა არასდროს დაკარგა. რამდენიმე კვირის შემდეგ, „ლეგანესთან“ მოვაწერე ხელი და ამჯერად სხვანაირი ცრემლებით ვტიროდით.

ეს იყო მაშინ, როცა ემოციები ჯერ კიდევ მქონდა. ახლა აღარაფერს ვგრძნობ. თითქოს ადამიანი აღარც ვარ. მას შემდეგ, რაც შენ დაიღუპე, უბრალოდ სიცარიელე ვარ.

მგონი, ცრემლიც არ ჩამომვარდნია იმ დღეს, როცა მითხრეს, რომ აღარ იყავი. უბრალოდ შოკში ვიყავი.
ეს „ლეგანესში“ ჩემი დებიუტიდან რამდენიმე კვირაში მოხდა. ვის აქვს დებიუტი 18 წლის ასაკში „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ? ეს საგიჟეთი იყო. ეს ოცნება იყო.

და შემდეგ დაიწყო კოშმარი. სახლიდან ვიღაც განუწყვეტლივ მირეკავდა. ვღიზიანდებოდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ მირეკავდნენ გაუჩერებლად.

ვუპასუხე და არც კი უცდიათ, როგორმე რბილად ეთქვათ. ხომ იცი, ჩვენთან როგორ არის. ემოციების გარეშე. უბრალოდ……..

„შენი და აღარ არის.“

– რა?

“გარდაიცვალა.“

– რას ამბობთ?

„წვეულებაზე ვიღაცამ სასმელში რაღაც ჩაუყარა და აღარ გაღვიძებია. ის აღარ არის.“

15 წლის იყავი.

15-ის.

პასუხები არასდროს მიმიღია. არ ვიცი, საერთოდ მინდა თუ არა მიზეზის გაგება. შეიძლება ეს შური იყო. შეიძლება ეს უბრალოდ ისეთი რამეა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. შეიძლება შემეძლო შენი დაცვა. არ ვიცი.

ვცდილობ, ღმერთის გეგმას ვენდო. ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია. დავიწყებას არ ვცდილობ, რადგან ვიცი, რომ ვერ დავივიწყებ. ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ ეს ტკივილი უფრო მეტი შრომისთვის გამოვიყენო და ყველაფერი გავაკეთო, რაზეც ვოცნებობდით.

ეს იმიტომ დავწერე, რომ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. დავწერე, რადგან მინდა იცოდე — ყველაფერს გავაკეთებ, რომ იცოცხლო. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. მთელმა სამყარომ.
ყველაფერს, რასაც საფეხბურთო მოედანზე ვაკეთებ, შენთვის ვაკეთებ.

იმდენი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ბოლოს გნახე…… ვერც კი დაიჯერებდი. არ ვიცი, მე თვითონ თუ მჯერა.
იცი, რა არის საგიჟეთი? მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დებიუტის შემდეგ, მაისური მბაპეს გავუცვალე. გახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდით ხოლმე და შენ ამბობდი: „მბაპე? კი, კარგია. მაგრამ ჩემი ძმა უკეთესია.“

ერთ რამეში ვცდებოდი. არ მინდა, ვიყო მდიდარი. ვხედავ, რას უშვრება ფული ხალხს, ოჯახსაც კი. როცა „ლეგანესში“ ვიყავი, რასაც ვშოულობდი, ყველაფერს სახლში ვაგზავნიდი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ფული აღარც მინდოდა. უბრალოდ ტვირთი იყო. თხოვნას არასდროს წყვეტდნენ. ალბათ ეგონათ, უკვე მილიონერი ვიყავი. ბინაც კი არ მქონდა. საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი, ოთახში, სადაც ტელევიზორიც არ იყო. მხოლოდ ფეხბურთი და ძილი, ფეხბურთი და ძილი.

არ მინდოდა დიდი სახლი. არ მინდოდა მანქანები. უბრალოდ მინდოდა, მთელი ენერგია ფეხბურთისთვის დამეთმო. ყველაფერი გამეკეთებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემი და მართალი იყო…….

ჰა…. ალბათ იფიქრებ, რომ ეს სასაცილოა.

როცა სათამაშოდ „ლაიფციგში“ გადავედი, სულ ვაგვიანებდი. ნუ, არ ვაგვიანებდი, ზუსტ დროს მივდიოდი. ეს კი გერმანიაში ნიშნავს, რომ ძალიან აგვიანებ.

უკვე გეცოდინება, რაც გავაკეთე შემდეგ. ყველგან 90 წუთით ადრე დავიწყე მისვლა. იმდენად ადრე მივდიოდი, რომ ბიჭებმა „გერმანელი“ შემარქვეს.

ყველაფრის გადამეტება მიყვარს. საერთოდ არ შემიძლია მოდუნება. ამას ყოველთვის მეუბნებოდი.
მოედანი ერთადერთი ადგილი დარჩა, სადაც თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ეს ის ადგილია, სადაც ვმშვიდდები და სადაც შენთან საუბარი შემიძლია. ნეტავ ახლა აქ იყო, რომ გითხრა… ჩვენ ეს შევძელით.
ყველაფერი ახდა, რასაც ამბობდი.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრებით. მართლა. შენი ძმა კოტ-დ’ივუარის ნაკრებში ითამაშებს, ისე, როგორც დროგბა, იაია, ჟერვინიო.

ამას როგორც უბრალოდ თამაშს, ისე არ ვუყურებ. ვუყურებ, როგორც სცენას. ეს ჩემი შანსია, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო ის, რაც შენ დაინახე ჩემში. ყოველ ჯერზე, როცა გოლს გავიტან, ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველამ გაიგოს შენი სახელი. ვიზრუნებ იმაზე, რომ არავინ დაგივიწყოს.

ყოველთვის ამბობდი, რომ კრიშტიანუზე უკეთესი შეიძლებოდა ვყოფილიყავი. თუ იქ ვნახავ, შენი სახელით მივესალმები.

გეფიცები, გავაკეთებ იმას, რაც მიწინასწარმეტყველე. სანამ ნამდვილი ბუცებიც კი მექნებოდა, ყველას ეუბნებოდი: „ჩემი ძმა მსოფლიოში საუკეთესო იქნება.“

დავამტკიცებ, რომ მართალი იყავი, ან ამ მცდელობაში მოვკვდები.

შენი ძმა,

იანი


წერილი გამოქვეყნდა ვებგვერდზე: The Player’s Tribune

სრულად წაკითხვა