WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აშშ-ის ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას, ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს აქციები 123.6%-ით გაიზარდა და პიკს — 140.77 დოლარს მიაღწია. ფარმაცევტული კომპანია Merck-ის აქციებმაც ასევე მოიმატა 11.6%-ით და 150.85 დოლარი შეადგინა.

ორივე კომპანიის აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა მკვეთრად, რაც მათ კანის კიბოს, მელანომის ვაქცინის გამოცდის წარმატებული შედეგების შესახებ განაცხადეს.

Moderna-ს განცხადებით ექსპერიმენტულმა ი-რნმ ვაქცინამ, Merck-ის პრეპარატთან კომბინაციაში, კანის კიბოს რეციდივისა და ორგანიზმში გავრცელების რისკი შეამცირა.

კვლევა ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა CNN-ის ცნობით, შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობის მეთოდმა შეასრულა როგორც მისი პირველადი ამოცანა – შეემცირებინა კიბოს რეციდივი, ასევე მეორადი მიზანიც – აღეკვეთა კიბოს გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებში.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კიბოს ვაქცინის მონაცემები შესაძლოა მნიშვნელოვანი კატალიზატორი გახდეს კომპანიისთვის და პოტენციურად გააძლიეროს ინვესტორთა განწყობა. გასულ თვეს Barclays-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მათი ვარაუდით, აღნიშნულმა თერაპიამ მელანომას მკურნალობიდან შესაძლოა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოიტანოს 2035 წლისთვის.

Moderna-ს აქციებით ვაჭრობა 103.60 დოლარად მიმდინარეობდა, ხოლო Merck-ის აქციები ბირჟის გახსნამდე 7.5%-ით გაიზარდა.

კიბოს მკურნალობის ეს მეთოდი აერთიანებს Merck-ის Keytruda-ს და Moderna-ს ინდივიდუალურად (შეკვეთით) დამზადებულ ი-რნმ ვაქცინას, რომელიც ეფუძნება უშუალოდ პაციენტის სიმსივნეში აღმოჩენილი მუტაციების ანალიზს.

კვლევაში მონაწილეობდა IIB-IV სტადიის მელანომის მქონე 1,137 მაღალი რისკის პაციენტი, რომელთაც სიმსივნე ქირურგიულად ჰქონდათ ამოკვეთილი.

მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით (რანდომიზებულად) დაანაწილეს: ნაწილი იღებდა Keytruda-ს 9 დოზამდე პერსონალიზებულ ვაქცინასთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი — მხოლოდ Keytruda-ს, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. კომპანიების განცხადებით, კვლევისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რისკები არ გამოვლენილა.

იანვარში კომპანიებმა გამოაქვეყნეს მკურნალობის შუალედური ფაზის კვლევის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ მან ხუთი წლის შემდეგ რეციდივის ან სიკვდილის რისკი 49%-ით შეამცირა.

კომპანიებმა განაცხადეს, რომ შედეგებს წარადგენენ მომავალ სამედიცინო კონფერენციაზე და გაუზიარებენ მარეგულირებელ ორგანოებს.

მელანომა კანის კიბოს ყველაზე სასიკვდილო ფორმაა.