უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის ტრიბუნალის შექმნის ინიციატივას საქართველო არ შეუერთდა

17 hours ago 8

საქართველო არ შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომელთაც 14-15 მაისს მოლდოვაში გამართულ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე, გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ახალ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას.

ინიციატივას შეუერთდა ევროპის საბჭოს 34 წევრი სახელმწიფო, მათ შორის ანდორა, ავსტრია, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ასევე, ევროკავშირი, ავსტრალია და კოსტა-რიკა. ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს გაასამართლებს.

ევროპის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ განაცხადა, რომ შეთანხმების მონაწილეებმა „გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური ტრიბუნალის ფაქტობრივი შექმნისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის პასუხისმგებლობის აღიარებისკენ“.

„ახლა საჭიროა ამ პოლიტიკური ვალდებულების შესრულებისთვის ზომების მიღება ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფის გზით. დროა, რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. ჩვენს წინ სამართლიანობის გზაა – და სამართლიანობამ უნდა იზეიმოს“, – განაცხადა ბერსემ.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა თბილისის გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა ინიციატივას, სიფრთხილით ახსნა და განაცხადა, რომ „ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას“.

ინიციატივას საქართველოსთან ერთად არ შეუერთდნენ: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, უნგრეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სლოვაკეთი და თურქეთი.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა