უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსული დრონებით მორიგ შეტევას

4 hours ago 2

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევისთვის, რომელიც 11 მაისს, ღამით დაიწყო და 12 მაისს, დილამდე გაგრძელდა სხვადასხვა ტიპის 108 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

სარდლობის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ჩამოაგდეს 55 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 30 უპილოტო-იმიტატორი კი ლკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონით დარტყმა იყო ენერგეტიკოსების ავტომანქანაზე. დაიღუპა ერთი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიჭრა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში, სადაც ნაწილობრივ დანგრეული, ან დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა და სახანძრო ნაწილი.

უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში დრონით დარტყმა იყო სატვირთო მატარებელზე. დაიჭრა მემანქანე.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.

11 მაისს, საღამოს ზელენსკიმ განაცხადა, რომ 12 მაისს ელოდებიან ცეცხლის სრულად შეწყვეტას, რათა დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძველი შეიქმნას, პირადად კი 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

სრულად წაკითხვა