უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ გამოავლინეს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ქსელი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი და რომლებიც, სავარაუდოდ, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში ისეთ მძიმე დანაშაულებს გეგმავდნენ, როგორიცაა შეკვეთილი მკვლელობები, დივერსიები და პროვოკაციები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 27 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „ევროკავშირის ქვეყნებში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მზადება შეჩერებულია“ საერთაშორისო ოპერაციის შედეგად, რომლის ფარგლებშიც „გამოვლენილია ამ საქმიანობის შემსრულებლები, შუამავლები და პირები, რომლებიც კოორდინაციას უწევდნენ და აფინანსებდნენ ამ საქმიანობას“. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის აგვისტოდან რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, „სხვა სახელმწიფოების ტერიტორიიდან მოქმედებდნენ და კონტროლირებადი შუამავლების მეშვეობით გეგმავდნენ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა ძალადობრივი დანაშაულების მომზადებას ევროკავშირის ქვეყნებში“.
„ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ლიეტუვის რესპუბლიკაში შეკვეთილი მკვლელობების მომზადება იყო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, სამიზნეებს შორის იყვნენ „ლიეტუვაში პოლიტიკური თავშესაფრის მქონე რუსეთის მოქალაქე და უკრაინის მხარდაჭერით ცნობილი ლიეტუვის მოქალაქე“. ამავე ინფორმაციით, ქსელი „აგროვებდა დეტალურ ინფორმაციას მათი საცხოვრებელი ადგილების, გადაადგილების მარშრუტების, ყოველდღიური გრაფიკის და თავდასხმის მოსამზადებლად საჭირო სხვა მონაცემების შესახებ“.
„ამ ამოცანების შესრულებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის, საქართველოს, ლატვიის, მოლდოვასა და საბერძნეთის მოქალაქეები. ზოგი თვალთვალს ახორციელებდა, ზოგი შემსრულებლებს ეძებდა, ზოგი კი დაფინანსებაზე, ლოჯისტიკასა და მონაწილეებს შორის კომუნიკაციაზე იყო პასუხისმგებელი“, – ნათქვამია განცხადებაში. უცნობია რამდენ ქართველზეა საუბარი და დააკავეს თუ არა ისინი.
განცხადების თანახმად, შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა აღიკვეთა, „შემსრულებლების ნაწილი დააკავეს“, მათ შორის ერთი „თავდასხმის მომზადების დროს“.
This post is also available in:

4 days ago
1






English (US) ·
Georgian (GE) ·