რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს ტყვე მშვიდობიანი მოქალაქეები. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ომბუდსმენმა იანა ლანტრატოვამ. მისი სიტყვებით, რუსეთში დაბრუნდა კურსკის ოლქის ხუთი და სხვა რეგიონების ორი მცხოვრები.
უკრაინამ დაადასტურა გაცვლის შესახებ ინფორმაცია. „სამშობლოში დაბრუნდნენ 35-დან 66 წლამდე ასაკის უკრაინელები. ყველა მათგანი უკანონოდ დააკავეს რუსებმა 2022 წელს მარიუპოლის, ასევე კიევის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციის დროს. რაც შეეხება კიევის ოლქს, ეს არის კონკრეტულად ბუჩის რაიონი, სადაც ოკუპანტებმა 2022 წელს სიმხეცე ჩაიდინეს“, წერს უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი.
მან დააზუსტა, რომ დღეს უკრაინაში დაბრუნებული ერთ-ერთი მამაკაცი რუსეთის ხელისუფლებამ დააკავა მისი ვაჟების გამო, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ, ხოლო მეორე პირდაპირ ქუჩიდან გაიტაცეს. გათავისუფლებულთა შორისაა ასევე მოხალისე, რომელიც 2022 წელს შეუერთდა პარამედიკოსთა ბრიგადას, „ტაირას ანგელოზებს“, მარიუპოლში.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის ხელისუფლებას 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკანონოდ ჰყავს ტყვედ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში, ნათქვამია უკრაინის უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ნორვეგიელი დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ ანგარიშში.
კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს წარმოადგენს დაკავებებისა და გატაცებების სისტემურ პრაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობას. დაკავებულთა შორის არიან ჩინოვნიკები, მასწავლებლები, ექიმები, მეწარმეები, საზოგადოებრივი აქტივისტები და მღვდლები. ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, პატიმრობაში ბევრ მათგანს აწამებენ.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·