უკრაინა ბელგიისაგან F-16 გამანადგურებლებსა და 1 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, უკრაინაში დე ვევერის ვიზიტის შემდეგ.
ბელგიის მიერ გამოყოფილი თანხა, დე ვევერის თქმით, გამოყენებული იქნება იარაღის შესაძენად და უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასაძლიერებლად, კერძოდ, ახალი ტიპის იარაღის წარმოებისთვის.
ბელგია წელს ასევე გეგმავს უკრაინისთვის ორი F-16 თვითმფრინავის გადაცემას, ხოლო მორიგ ორ სამხედრო თვითმფრინავს კიევი მომავალ წელს მიიღებს. დე ვევერი ირწმუნება, რომ მიწოდება არ გადაიდება, მიუხედავად იმისა, რომ კიევისთვის დაპირებული გამანადგურებლების გადაცემა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ბელგიის საჰაერო ძალები მათ მიერ შეკვეთილ, უფრო თანამედროვე F-35 გამანადგურებლებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიას აცნობა, რომ "რამშტაინის ფორმატში" მორიგი შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის, თავდაცვის დამატებითი პაკეტებისა და უკრაინაში იარაღის წარმოების საკითხები განიხილება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა არ დაესწროს ამ შეხვედრას.