ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

8 hours ago 4

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-14 ტური დასრულდა. დღეს სამი მატჩი გაიმართა. გორის დილამ და დინამო თბილისმა 3-3 ქულა აიღეს, გაგრასა და კოლხეთი 1913-ის დაპირისპირება კი ფრედ დამთავრდა. ვნახეთ რამდენიმე ფეხბურთელის სადებიუტო გოლი საქართველოში...

გაგრა 1:1 კოლხეთი 1913

ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთებში გავიდა. გაგრა დაწინაურდა ბრაზილიელი პედრო ბორჟესის გოლით. რაც შეეხება ეპიზოდს: მარცხნიდან გიორგი პაპუაშვილმა ჩააწოდა, ნიკა კაჭარავამ ძელს მოარტყა ბურთი და ბორჟესმა დამატებაზე ზუსტად დაარტყა.

მალევე, კოლხეთი 1913-ის ნიგერიელმა ნახევარმცველმა ტიმ ოლოკო-ობიმ შორიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა. 20 წლის ოლოკო-ობიმ ფოთელთა მაისურით და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც თავისი პირველი გოლი გაიტანა. შარშან ქუთაისის ტორპედოში გახლდათ.

77-ე წუთზე ფოთელთა კაპიტანი, მცველი ბექა ხარშილაძე გააძევეს გიორგი ხარებაშვილთან უხეშობის გამო.

საბოლოოდ 1:1. გაგრა მეექვსე ადგილზეა, ფოთელები კი ბოლოსწინაზე არიან. მათ შორის სხვაობა სამი ქულაა.

გარეჯი 1:2 დინამო თბ

დინამო თბილისმა საგარეჯოს გარეჯს მოუგო. თბილისელები მესამე ადგილზე გადავიდნენ და ლიდერ იბერია 1999-ს ჯერ 11 ქულით ჩამორჩებიან. გარეჯი კი ბოლოსწინაზეა.

დინამოელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ. მათე ვაწაძემ თავით დაუგდო ბურთი ნიკა ნინუას, რომელმაც ერთი შეხებით მიიღო და მეორე შეხებით ზუსტად დაარტყა - 0:1.

დაიწყო მეორე ტაიმი და თითქმის იდენტური გოლი გავიდა. ისევ ვაწაძის თავით დაგდება და ამჯერად ვალერიან გვილიამ გაიტანა თითქმის იგივე მანძილიდან, საიდანაც ნინუამ - 0:2. გვილიამ წინა ტურშიც გაიტანა.

61-ე წუთზე გარეჯმა სხვაობა შეამცირა, კონკრეტულად კი, თორნიკე ძებნიაურის ჩაწოდებულზე თამაზ ცეცხლაძემ მიაყოლა თავური და 1:2. ეს ცეცხლაძის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში და ზოგადად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც. ქვედა ლიგებში აქვს გატანილი.

თელავი 2:3 დილა

თელავი გორის დილასთან ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა.

თელაველებმა ბოლო 4 მატჩი წააგეს, ხოლო მოგებით ბოლო 8 შეხვედრაა არ მოუგიათ. რაც შეეხება დილას, გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა და 10 ქულით ჩამორჩება ლიდერ იბერია 1999-ს.

მასპინძლები მე-2 წუთზე დააწინაურა განელმა ებენეზერ კპოზომ, რომელმაც ფირუზ გაბიტაშვილის ჩაწოდებული ბურთი გადაგზავნა კარში. კპოზოს პირველი გოლი საქართველოში.

26-ე წუთზე დილას ფორვარდი შოთა შეყილაძე კარგ პოზიციაში მოხვდა და მშვენივრადაც შეასრულა დარტყმა - 1:1. ცნობისთვის, შეყილაძემ პირველ წრეში 3 გოლი გაუტანა თელავს...

ტაიმის ბოლოს თელავმა პენალტის უფლება მოიპოვა და ჯადული იობაშვილმა თელავი დააწინაურა - 2:1. რაც შეეხება მომენტს, იობაშვილის კარგი პასის მერე ფირუზ მარაქველიძე შევარდა საჯარიმოში და დილას მცველმა ზურაბ რუხაძემ წააქცია...

დილამ ბოლოს გატეხა თელავი. 86-ე წუთზე ჟოაო არაუჟომ მშვენიერი პასი გააკეთა, ამას მოჰყვა ლექსო ოთინაშვილის ორიგინალური გადაცემა და განელი სირილ ედიძის ზუსტი დარტყმა. კარგი კომბინაცია იყო. ისე, ედუძის პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კი დილამ გადამწყვეტი ბურთი გაიტანა. ოთარ ფარულავამ გააყოლა ბურთი ედუძის, რომელმაც დეო ბასინგა მოძებნა და კონგოელმაც დასწრებაზე ახლოდან იმარჯვა - 2:3.

ედუძისა არ იყოს, ბასინგასთვისაც პირველი გოლია კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

erovnuliliga

სრულად წაკითხვა