ტრანსგენდერი ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

3 weeks ago 10

ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 26 წლის ჯაიანი დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში, მათ შორის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.

37 წლის კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს ღამით საკუთარ ბინაში სასტიკად მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დილით ეჭვმიტანილის სახით მისი მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა.

მკვლელობას ერთი დღით ადრე წინ უსწრებდა საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო ანტი-ლგბტ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თემის სტიგმატიზებას ახდენს და ზღუდავს მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

ჯაიანი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა. მან ნაწილობრივ აღიარა მკვლელობა, მაგრამ უარყო დამამძიმებელი გარემოებების ნაწილი. მისი ადვოკატის თქმით, განაჩენი გასაჩივრდება.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბოლო იქნება იმ დებულებების მიხედვით, რომლებიც გენდერულ იდენტობას ეხება. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა უკვე მიიღო სადავო ცვლილებები, რომლითაც ყველა კანონმდებლობიდან ამოღებულ იქნა ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“.

ამასთან, 4 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კანონპროექტი ლგბტ მარშებისა და „შესაბამისი ფერადი ნივთების“ აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეგზავნება განსახილველად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა