აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 10 აგვისტოს გამოვიდა დაპირებით, რომ ქვეყნის დედაქალაქიდან გაასახლებენ უსახლკაროებს და დააპატიმრებენ დამნაშავეებს - მიუხედავად ვაშინგტონის მერის განცხადებისა, რომ ამჟამად არ აღინიშნება დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა.
"უსახლკაროები უნდა წავიდნენ, დაუყოვნებლივ. ჩვენ გამოგიყოფთ გასაჩერებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს. დამნაშავეებო, თქვენ არ უნდა წახვიდეთ. ჩვენ თქვენ ციხეში ჩაგსვამთ - იქ, სადაც თქვენი ადგილია" - წერს ტრამპი თავის პლატფორმაზე Truth Social.
სააგენტო Reuters წერს, რომ თეთრმა სახლმა უარი თქვა აეხსნა რა სამართლებრივი უფლებამოსილება მისცემს ტრამპს საშუალებას ვაშინგტონიდან ადამიანები გაასახლოს. პრეზიდენტი ქალაქში აკონტროლებს მხოლოდ ფედერალურ მიწას და შენობებს. ტრამპი ორშაბათს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს "ვაშინგტონში ძალადობრივი დანაშაულის გასაჩერებლად". უცნობია გამოაცხადებს თუ არა ის მეტ დეტალს გასახლების გეგმის თაობაზე.
Truth Social-ით გამოქვეყნებული ტრამპის პოსტი მოიცავს ვაშინგტონის ქუჩებში კარვების და დაყრილი ნაგვის ფოტოებს. "მე ჩვენს დედაქალაქს გავხდი უფრო უსაფრთხოს და ყველაზე ლამაზს, ვიდრე ოდესმე ყოფილა" - აცხადებს პრეზიდენტი.
ორგანიზაცია Community Partnership, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში უსახლკაროთა პრობლემის შემცირებაზე მუშაობს, აცხადებს, რომ ყოველ ღამით უსახლკარობის პრობლემა 3780-მდე ადამიანს აქვს ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 700 000-მდე ადამიანს შეადგენს.
უსახლკარო ადამიანების უმრავლესობა თავშესაფრებში, ან დროებით საცხოვრებელში მიდის. 800-მდე პირი თავშესაფრის გარეშეა, ანუ ქუჩაშია - აცხადებს ორგანიზაცია.
ვაშინგტონის დემოკრატი მერი, მიურიელ ბაუსერი აცხადებს, რომ დედაქალაქში არ აღინიშნება დანაშაულის მატება.
ქალაქის პოლიცია იუწყება, რომ 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ძალადობრივი დანაშაულის მაჩვენებელი ქალაქში 26 პროცენტითაა შემცირებული, გასულ წელს მთლიანი დანაშაულის შემცირების მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო.