თეთრი სახლის გამოქვეყნებული სიის თანახმად, დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფი დაუწესა საქართველოსაც.
თუკი ტარიფები ძალაში შევა, ეს ძირითადად საქართველოს სამთო მოპოვებით ინდუსტრიას შეეხება. სწორედ ფეროშენადნობებია ძირითადი საექსპორტო საქონელი.
თეთრი სახლი 2 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდებს „საპასუხო ტარიფებს“ და მიუთითებს, რომ 10% არის ტარიფი, რაც საქართველოს აქვს აშშ-ისთვის დაწესებული.
იქვე უთითებს, რომ „აშშ-ისთვის დაწესებული ტარიფები“ მოიცავს „სავალუტო მანიპულაციებსა და სავაჭრო ბარიერებს“.
10%-იანი ტარიფი მინიმალური, საბაზინო განაკვეთია.
10%-იანი ტარიფი, საქართველოს გარდა დაუწესდა უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და სხვა არაერთ ქვეყანას.
მოლდოვას დაუწესდა 31%-იანი ტარიფი.
ჩინეთს - 34%, ვიეტნამს - 46%, შრი-ლანკას - 44%, კამბოჯას 49% და ა.შ..
საქართველოსა და აშშ-ს შორის 2024 წელს სავაჭრო ბრუნვამ $2.21 მილიარდი შეადგინა.
აქედან აშშ-დან საქართველოში იმპორტი $2.08 მილიარდი იყო, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი - მხოლოდ $141 მილიონი.
ამერიკიდან საქართველოში შემოტანილი ყველაზე მსხვილი პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია, ხოლო საქართველოდან აშშ-ში გატანილი - ფეროშენადნობები.
2024 წელს საქართველომ $90 მილიონის ღირებულების ფეროშენადნობები გაიტანა აშშ-ში.