ევროპელი ლიდერები აპირებენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე. ამის შესახებ BBC იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე მზადყოფნა გამოთქვეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ.
ამ გზით უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ თავიდან აიცილებენ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საჯარო დაპირისპირების განმეორებას, რაც წლის დამდეგს მოხდა.
როგორც ადრე Axios-ი იტყობინებოდა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ მას სურს ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივი სამიტის ჩატარება უკვე 22 აგვისტოს. თუმცა, პუტინს ოფიციალურად არ გამოუცხადებია ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის განზრახვის შესახებ.
ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი „ართულებს სიტუაციას“ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით და უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელებით. ტრამპმა პუტინთან ალიასკაში 15 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას ამჯობინებს.
კიევი ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს ჯარების გაყვანას დონბასის მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ეს მოსკოვის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების დადების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. შაბათს, 16 აგვისტოს, ევროპულმა მედიამ დაწერა, რომ ტრამპმა უკრაინას შესთავაზა უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც ნატოს კოლექტიური თავდაცვის შესახებ მე-5 მუხლის მსგავსია. ეს ნიშნავს, რომ თუ ახალი ომი დაიწყება, გარანტორ ქვეყნებს აგრესორისთვის შეიარაღებული პასუხის გაცემა მოუწევთ.
„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები დღეს ონლაინ მოლაპარაკებებს გამართავენ, რათა განიხილონ სიტუაცია ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე.