პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
სამართლის ფილოსოფიის კუთხით, სასჯელს შეიძლება განაპირობებდეს რამდენიმე თეორია, სასჯელის პრინციპი კი აჩვენებს სახელმწიფოსმ ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკას.
მაგალითად, შურისგების თეორიის მიხედვით, ადამიანი ისჯება იმიტომ, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და იმსახურებს სასჯელს. ამ თეორიის მიხედვით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს მაშინაც კი, თუ ამას პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.
პრევენციული თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია დანაშაულის თავიდან აცილება. სპეციალური პრევენციის კონტექსტით, სასჯელი კონკრეტულ დამნაშავეს უშლის ხელს ხელახალ დანაშაულში.
გამოსწორების თეორიის მიხედვით, სასჯელის მთავარი მიზანი ადამიანის გამოსწორებაა, რომელიც მიიღწევა განათლებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და
სოციალური რეინტეგრაციით. მოცემული თეორიის ფარგლებში დანაშაულის ჩამდენი აღიქმება არა მხოლოდ როგორც დამნაშავე, არამედ როგორც პიროვნება, რომელსაც შეუძლია შეიცვალოს.
აღდგენითი სამართლიანობის მიხედვით კი მნიშვნელოვანია დაზიანებული ურთიერთობების აღდგენა, სადაც დამნაშავე, დაზარალებული და საზოგადოება ერთობლივად მონაწილეობენ ზიანის ანაზღაურების პროცესში.
იქ, სადაც დამნაშავე ცალსახად არსებობს, ქრისტიანული ფილოსოფიის კუთხით, დასახელებული თეორიებიდან ყველაზე შორს დგას “შურისგების თეორია”, რომელიც როგორც ვხედავთ, ყველაზე ახლოს დგას დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ფილოსოფიასთან, რომლის მიხედვითაც, თუ კი ხელისუფლება თვლის რომ ვიღაც დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს მაშინაც კი, თუ ამას პრაქტიკული სარგებელი არ მოაქვს.
ეს არის საკვანძო საკითხი, თუ რატომ სჯის ხელისუფლება ადამიანებს ყოვლად შეუსაბამო სასჯელებით, რატომ თვლის რომ პრაქტიკულად ყველა, ვინც კი მის წინააღმდეგ გამოდის, დამნაშავეა.
ხელისუფლების პოლიტიკურ ფილოსოფიას საერთო არ აქვს არც ქრისტიანულ ფილოსოფიასთან, არც ჰუმანიზმთან ზოგადად.
ხელისუფლების პოლიტიკური თეორია ყველაზე ახლოს ტირანიის ფილოსოფიასთან დგას, რადგან სასჯელი გამოიყენება საზოგადოების დასაშინებლად და არა სამართლიანობის მისაღწევად. “დამნაშავე” ადამიანი კი ხელისუფლებისათვის წარმოადგენს საშუალებას სხვების დასაშინებლად. შესაბამისად, სასჯელის სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმის პროპორციული არ არის.
დღევანდელი ხელისუფლებისათვის მთავარი კითხვა არის არა ის, თუ რა დაიმსახურა ადამიანმა, არამედ მიზანი ხდება თუ როგორ გამოვიყენოთ ადამიანი ისე, რომ სხვებს შეეშინდეთ. ტირანიის ფილოსოფიური საფუძველი და ლოგიკა ხდება შიში, როგორც მმართველობის ინსტრუმენტი.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·