სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსიისკენ მიმართული პროცესების ნაწილში ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესსაც ეხება და გამოთქვამს ვარაუდს, რომ იქ მიმდინარე პროცესები "პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას". სუსის ვერსიით, "მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს."
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2023 წლის ანგარიშშიც საეჭვოდ მიიჩნევდა ოჩამჩირის პორტში რუსული სამხედრო ფლოტის მსხვილგაბარიტიანი საბრძოლო ხომალდების დისლოცირების შესაძლებლობას, აკვატორიის სიმცირისა და რთული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამო, თუმცა აღნიშნავდა, რომ აქ სამხედრო პორტის აშენება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის შავი ზღვის სამხედრო-სტრატეგიული კონტროლისთვის დამატებით ბერკეტად გამოყენების შანსებს ზრდიდა.
ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობასა და 2024 წელსვე ამოქმედების პერსპექტივაზე 2024 წლის იანვარში რუსულ მედიასთან საუბრობდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა. მოგვიანებით, 2024 წლის აგვისტოში, მან რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა აფხაზეთში გამორიცხა.
ოჩამჩირეში რუსეთის "ეფესბეს" საზღვრის დაცვის ხომალდების საბაზისო პუნქტი 2017 წლიდან არსებობს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის ომში რუსეთის სამხედრო ფლოტის დანაკარგების ფონზე მოსკოვი აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნით იყო დაინტერესებული, 2023 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი.
უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვაო ფლოტი არ ჰყოლია. შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის მთავარი ბაზები ანექსირებულ ყირიმსა (უკრაინა) და კრასნოდარის მხარეში (რუსეთი) იყო.
ოჩამჩირის პორტის გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში საუბარია სოხუმის აეროპორტში 2024 წლის ნოემბერში შესრულებულ ტექნიკურ რეისებზე რუსეთიდან.
"სოხუმის აეროპორტის აღდგენით რუსეთი ოკუპირებული რეგიონის კონტროლისთვის დამატებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს მოიპოვებს. თავის მხრივ, ოკუპირებული რეგიონი შეეცდება აეროპორტის ფუნქციონირება რეგიონის განვითარების „ინდიკატორად“ წარმოაჩინოს, ე.წ. დამოუკიდებლობის ილუზია შექმნას და საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. სტატუსის მოსაპოვებლად გამოიყენოს", - ასე აფასებს სუსი სოხუმის აეროპორტის განვითარების საფრთხეს.
2025 წლის თებერვალში სოხუმში 32-წლიანი პაუზის შემდეგ უკვე სამოქალაქო თვითმფრინავიც დაჯდა - მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტიდან თვითმფრინავის საცდელ რეისს სოხუმი ზეიმით შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიში 29 აპრილს გამოქვეყნდა - მას ხელს აწერს სუსის ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამ უწყების უფროსად ერთპარტიულმა პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს დაამტკიცა. სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც პოსტის დატოვების შემდეგ, თავდაპირველი ვერსიით, რეგიონული განვითარების მინისტრად უნდა დანიშნულიყო, ამ დრომდე არ დანიშნულა სხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე.
ანრი ოხანაშვილის ხელმოწერილ ანგარიშში დასავლეთი პირველად არის დასახელებული, როგორც დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების მწარმოებელი საქართველოში.
"უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები. მათ მიერ აქტიურად გამოიყენებოდა დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც, მათ შორის, ჩართული იყვნენ დასავლური ქვეყნებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, რამაც ცალკეული ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს გაუადვილა საქართველოში ანტიდასავლური კამპანიის წარმოების შესაძლებლობები", - ნათქვამია სუსის უახლეს ანგარიშში.