სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 მაისს განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი საჯარო მოხელე დააკავეს. მართალია უწყებამ თავდაპირველ განცხადებაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, მოგვიანებით მან „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ დაკავებული გიორგი უძილაურია, როგორც ამის თაობაზე “რუსთავი 2” იტყობინებოდა.
უძილაური ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ“ ბანკში საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურს ხელმძღვანელობდა.
სუს-მა არც ის ქვეყანა გაამხილა, რომლისთვისაც უძილაური სავარაუდოდ ჯაშუშობდა, ხოლო „რუსთავი 2“-მა თავის რეპორტაჟში განაცხადა, რომ ის „ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა“.
„ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებასა და მათთვის გადაცემას“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ 5 მაისს.
მაღრაძის თქმით, დაკავებულს „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“.
მაღრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა „სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან“.
„უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომელთა მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით“, – განაცხადა მაღრაძემ. „აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა“.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·