საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელსაც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წლების განმავლობაში იყენებდა, მათ შორის გასული წლის 4-5 დეკემბერს, ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი იყო, რომელიც ასევე ცნობილია როგორც CS გაზი, და რომ ხელისუფლებას არასდროს შეუძენია კამიტი, როგორც ამას BBC-ის ბოლო გამოძიება ვარაუდობს.
O-ქლორბენზილიდენ მალონონიტრილი, იგივე CS გაზი, არის ნაერთი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ყველაზე ხშირად ცრემლსადენი გაზის სახით მასების მართვის მიზნით იყენებენ. სუს-მა არ დააკონკრეტა, შეურიეს თუ არა ეს ნივთიერება წყლის ჭავლში, როგორც ეს BBC-ის რეპორტაჟშია ნათქვამი, თუმცა აღნიშნა, რომ ის გამხსნელ ნივთიერებასთან ერთად იქნა გამოყენებული.
„ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის – არის ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე. მისი თქმით, სუს-მა დაასრულა BBC-ის ინფორმაციის გამოძიების ის ნაწილი, რომელიც სადავო ნივთიერების იდენტიფიცირებას ეხებოდა.
„2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, – განაცხადა მაღრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ,,ტრიქლორეთილენთან’’ ერთად შეიძინა. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710.
მაღრაძემ ასევე განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ კომპანიას 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN3439 – 507-ჯერ და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.
რაც შეეხება კამიტს, მაღრაძის თქმით, „ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია“.
„ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდის’’ ე.წ. ,,კამიტის’’ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში“, – დასძინა მაღრაძემ.
This post is also available in: English

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·