სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა

4 weeks ago 23

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების“ ფაქტზე უწყების უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა.

ახობაძე 2024 წელს მომხდარი საქმის გამო დააკავეს, როდესაც სუს-ს გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელმა თანამდებობა 2025 წლის აპრილში დატოვა და 2025 წლის დეკემბრიდან პატიმრობაში იმყოფება ქრთამის აღების ბრალდებით.

22 მაისს გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ ახობაძემ 2024 წელს ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო, რის სანაცვლოდაც „კერძო მეწარმეს“ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩამორთმეული არადეკლარირებული ფულადი თანხის დაბრუნებაში დახმარებას დაპირდა.

ემზარ გაგნიძის თქმით, 2024 წლის აპრილში ახობაძემ შეიტყო, რომ კერძო მეწარმეს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 40 000 000 რუსული რუბლის ოდენობის  (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) არადეკლარირებული ნაღდი ფული ჩამოართვეს. გაგნიძემ განმარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს 100 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის საზღვარზე გადატანას ან გადმოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად ან არასწორი დეკლარირებით, და იწვევს დაჯარიმებას ნაღდი ფულის ღირებულების 10%-ის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

გაგნიძემ განაცხადა, რომ ხსენებულმა მეწარმემ კუთვნილი თანხის დაბრუნების მიზნით, სამართლებრივი პროცედურების დაცვით, შემოსავლების სამსახურს მიმართა, თუმცა თანხის დაბრუნებაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ, ახობაძე, „შუამავალი პირების მეშვეობით დაუკავშირდა მას და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა“.

„მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის გზით, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დაიბრუნა ჩამორთმეული ფულადი თანხა, რის შემდეგაც ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით, კვლავ დაუკავშირდა მას და დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 500 000 ლარის გადახდა მოსთხოვა“, – განაცხადა გაგნიძემ. „თუმცა, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, მოთხოვნილი თანხა განახევრდა და ჩამორთმეული თანხის დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, აღნიშნულმა პირმა, ლევან ახობაძისთვის გადასაცემად, შუამავალს გადასცა 250 000 ლარი“.

„ქრთამის სახით გადახდილი თანხა იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იმჟამინდელ მოადგილეს მისსავე სამუშაო ოთახში გადაეცა“, – დასძინა გაგნიძემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ბრიფინგის დასრულებისთანავე, რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელიც აწ უკვე გაუქმებულ ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა, მედიას განუცხადა, რომ იგი სასამართლოში ახობაძის ინტერესებს დაიცავს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა