სუს-მა პანკისის ხეობაში ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა

1 hour ago 1

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პანკისის ხეობაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

19 მაისს გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები პანკისის ხეობის სოფლებში – ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული „მასშტაბური ღონისძიების“ შედეგად დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაღრაძის თქმით, დაკავებული პირები „გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით, უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს“. მან ასევე განაცხადა, რომ „ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ე.წ. ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას”.

მაღრაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა