სუს-მა ერთ დღეში ჯაშუშობის ბრალდებით მეორე ქართველი დააკავა

2 weeks ago 15

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 30 მაისს განაცხადა, რომ კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ჩიხლაძე, დააკავეს უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, რაც ერთ დღეში უკვე დაკავებაა იგივე ბრალდებით.

„საქართველოს მოქალაქე, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების შესაბამისად, სისტემურად ახორციელებდა მათთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე.

„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით“, – აღნიშნა მან.

მაღრაძის თქმით, გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის  ინფორმაცია მოიცავდა „საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს“.

მან ასევე განაცხადა, რომ დაკავებული, ონლაინპლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების  შესაბამისად,  მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას, „ასევე, ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს“.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა