საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) განაცხადა, რომ მან საქართველოს მოქალაქე, გულბაათ რცხილაძე, რომელიც კრემლთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
გულბაათ რცხილაძე კრემლთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ევრაზიის ინსტიტუტის“, დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. „აი ფაქტის“ 2025 წლის საგამოძიებო მასალის თანახმად, „ევრაზიის ინსტიტუტს“ 2020 წლიდან კრემლის მიერ მხარდაჭერილი ფონდი „პრავფონდი“ აფინანსებს, რომელიც რუსეთის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტია.
30 მაისს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი „წლების განმავლობაში, მატერიალური სარგებლის მიღებისა და უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას“.
„დაკავებულს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენელებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები“, – განაცხადა მაღრაძემ. „ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთან, პერიოდულად, კონსპირაციის დაცვისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების მიზნით, შეხვედრები ტარდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ“.
„ჯაშუშობაში ბრალდებულ პირს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დავალებითა და დაფინანსებით, შესაბამისი აქტივობების წარმართვის მიზნით, შექმნილი ჰქონდა საინფორმაციო პლატფორმები და ორგანიზებას უწევდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებასაც“, – განაცხადა მაღრაძემ. „საყურადღებოა, რომ ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას“.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in:

2 weeks ago
17







English (US) ·
Georgian (GE) ·