საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრავიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. მისი შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლება საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს, რაც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში, სადაც მცირე სახელმწიფოები ხშირად დიდი ძალების ინტერესების ობიექტებად იქცევიან, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
თუმცა, საქართველო ამ ეტაპამდე ერთბაშად არ მისულა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის მთავარი საფუძველი დასავლეთთან, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სტრატეგიული თანამშრომლობა იყო. სწორედ ვაშინგტონი განიხილებოდა საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მთავარ მხარდამჭერად.
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებმა და აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდმა გეოპოლიტიკურმა კონკურენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა გარემო, რომელშიც საქართველოს უწევს მოქმედება. ისეთი მცირე სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, ორ გლობალურ ძალას შორის ბალანსის შენარჩუნება სულ უფრო რთულ ამოცანად იქცევა. სწორედ ამ კონტექსტში უნდა შეფასდეს ოფიციალური თბილისის მიერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება, რაც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვის ნიშნად განიხილება.
ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები: რატომ პეკინი და არა ვაშინგტონი? რა ინტერესები ამოძრავებთ აშშ-სა და ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და კონკრეტულად საქართველოში? როგორია ამ ორი ზესახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და რა მოლოდინები აქვთ მათ მოკავშირეებისგან პოლიტიკური თუ ეკონომიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ? ასევე, რას უნდა ელოდებოდეს საქართველო ვაშინგტონთან და პეკინთან ურთიერთობების გაღრმავების პროცესში?
ამ კითხვებზე პასუხები სააგენტო „პარალელზე“ გამოქვეყნებულ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პუბლიკაციაში განვიხილეთ, თუმცა მოცემულ სტატიაში შევეცდებით მათ შეჯამებას და საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული არჩევანის ფართო სურათის წარმოჩენას.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ისა და ჩინეთის ინტერესები ორ ძირითად განზომილებაში უნდა განვიხილოთ — ეკონომიკურსა და პოლიტიკურში.
ეკონომიკური თვალსაზრისით, მხარეთა ინტერესები მეტწილად თანხვედრაშია. საქართველოსთვის როგორც ამერიკასთან, ისე ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვანი შესაძლებლობების წყაროს წარმოადგენს. ამასთანავე, „შუა დერეფნის“ ეფექტიანი ფუნქციონირება შეუძლებელია რეგიონის სახელმწიფოებს შორის მყარი ეკონომიკური თანამშრომლობის გარეშე. აღნიშნული პროექტით დაინტერესებული არიან არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, არამედ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ახლო აღმოსავლეთის არაერთი მოთამაშე და ევროკავშირიც.
განსხვავებული სურათი იკვეთება პოლიტიკური კომპონენტის შემთხვევაში. აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი კონკურენციის ფონზე სამხრეთ კავკასია თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე ხდება. სწორედ ამიტომ, რეგიონში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის აღარ არის და ხშირად გლობალური ძალთა გადანაწილების ნაწილად განიხილება.
ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ჩინეთისთვის „შუა დერეფანი“ წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც მისთვის არსებული საზღვაო კომუნიკაციების დამატებითი სადაზღვევო მექანიზმის ფუნქციას ასრულებს. პეკინის გლობალური ეკონომიკური სტრატეგია დიდწილად ეფუძნება სატრანსპორტო დერეფნებისა და ლოგისტიკური ქსელების უსაფრთხოებას, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩინური პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე უწყვეტი მიწოდება.
ჩინეთის სტრატეგიული გათვლების გასაგებად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ აზია-ევროპის ტრადიციული საზღვაო მარშრუტები მნიშვნელოვანწილად დასავლეთის სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო ინდოეთის ოკეანეში ჩინეთის მზარდ კონკურენტად ინდოეთი გვევლინება. შესაბამისად, პეკინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთ სახმელეთო მარშრუტებს, რომლებიც მას სავაჭრო ნაკადების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის მიმართულება და საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია ჩინეთისთვის მხოლოდ ეკონომიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია.
სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები გაცილებით ფართო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის ბედი. ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, თუ ვინ შეძლებს გავლენის მოპოვებას იმ სატრანსპორტო არტერიაზე, რომელიც მომავალში შესაძლოა ევრაზიული ვაჭრობის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად ჩამოყალიბდეს.
ამავე დროს, შეუძლებელია იგნორირებული იყოს ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებასა და ვაშინგტონს შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა. სწორედ ამ ფონზე ჩინეთთან დაახლოება ბევრმა ექსპერტმა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკური მანევრის ინსტრუმენტადაც შეაფასა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საგარეო პოლიტიკაში ალტერნატიული პარტნიორების გაჩენით საკუთარი მოლაპარაკების პოზიციები გააძლიეროს, თუმცა ღიად რჩება კითხვა — რამდენად შეძლებს ქვეყანა ამ პროცესში საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენარჩუნებას და რამდენად მაღალი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის ასეთი არჩევანის პოლიტიკური ფასი.
იმის გასაგებად, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოსთვის ჩინეთის მიმართულებით სტრატეგიული გადაადგილება, აუცილებელია შევაფასოთ, რას სთავაზობდა ქვეყანას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და რა შესაძლებლობებს ან შეზღუდვებს შეიცავს ჩინეთთან თანამშრომლობის მოდელი.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივა იყო. დასავლური პოლიტიკური და ინსტიტუციური მოდელი პარტნიორი სახელმწიფოებისგან, პირველ რიგში, დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნები ხშირად პოლიტიკური დისკუსიებისა და დაპირისპირების საგანი ხდება, მათი მიზანი პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციური მდგრადობისა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფაა. ამ თვალსაზრისით, დასავლეთთან თანამშრომლობა მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური არჩევანი არ ყოფილა, ის ქვეყნის შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტსაც წარმოადგენდა.
დასავლური ინსტიტუციური სივრცე ასევე გაცილებით ფართო ფუნქციას ასრულებს, ვიდრე უბრალოდ ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმაა. იგი აერთიანებს სახელმწიფოებს საერთო სტანდარტების, რეგულაციების, უსაფრთხოების მექანიზმებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გარშემო. სწორედ ამიტომ, ევროკავშირისა და ნატოსთან დაახლოება საქართველოსთვის არა მხოლოდ ბაზრებზე წვდომას, არამედ უსაფრთხოების დამატებით გარანტიებსა და განვითარების ინსტიტუციურ ჩარჩოსაც უკავშირდებოდა.
ჩინეთის მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება. პეკინის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც წესი, ნაკლებ ყურადღებას უთმობს პარტნიორი ქვეყნების შიდა პოლიტიკური მოწყობის საკითხებს და თანამშრომლობას ძირითადად ეკონომიკური ინტერესების საფუძველზე აგებს. ჩინეთისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ნედლეულზე, სატრანსპორტო მარშრუტებსა და ბაზრებზე წვდომა, ხოლო პოლიტიკური სისტემის ხასიათი მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ატარებს, თუ იგი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად არ იქცევა.
ამავე დროს, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ჩინური ფინანსური მონაწილეობით განხორციელებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირად ჩინური კაპიტალის, ტექნოლოგიებისა და სამუშაო ძალის ფართო გამოყენებას ეფუძნება. შედეგად, ინვესტირებული ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ჩინურ ეკონომიკურ სისტემაში ბრუნდება. პარტნიორი ქვეყანა კი, ერთი მხრივ, იღებს ახალ ინფრასტრუქტურას, თუმცა, მეორე მხრივ, ხშირად აწყდება სესხების მომსახურების, ფინანსური დამოკიდებულებისა და სტრატეგიული აქტივების მართვასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განსხვავება უსაფრთხოების სფეროში იკვეთება. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია პარტნიორი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა, რაც სამხედრო თანამშრომლობის, წვრთნების, ტექნიკური დახმარებისა და სხვადასხვა უსაფრთხოების პროგრამების სახით გამოიხატება. ჩინეთის საგარეო-პოლიტიკური დოქტრინა კი ტრადიციულად გაცილებით ფრთხილია სამხედრო ვალდებულებების აღების საკითხში. პეკინი, როგორც წესი, თავს არიდებს უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების გაცემას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობებს ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩოში ტოვებს.
სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, თუ რამდენი ინვესტიცია შეიძლება მოიზიდოს ჩინეთიდან. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრაც, რამდენად შეძლებს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა იმ პოლიტიკური, ინსტიტუციური და უსაფრთხოების კომპონენტების ჩანაცვლებას, რომლებიც საქართველოს დასავლურ პარტნიორებთან ურთიერთობის ფარგლებში ჰქონდა. ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის ეფექტიანობას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.
საბოლოოდ, ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილების შეფასების მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მოკლევადიანი ინტერესები, არამედ სახელმწიფოს გრძელვადიანი ეროვნული მიზნები. ხელისუფლებები იცვლებიან, პოლიტიკური კონიუნქტურა კი მუდმივად ტრანსფორმირდება, თუმცა სახელმწიფოს ინტერესები, მისი უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პოზიციონირება მუდმივ ღირებულებებს წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს წინაშე მდგარი არჩევანები უნდა განიხილებოდეს არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის ძალაუფლების შენარჩუნების, არამედ ქვეყნის მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო, სტაბილური და კონკურენტუნარიანი სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივიდან. ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობა, იქნება ეს დასავლეთთან თუ აღმოსავლეთთან, მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად, თუ იგი ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას, ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან მიზნებს.
ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოები ყველაზე დიდ ფასს მაშინ იხდიან, როდესაც მოკლევადიანი პოლიტიკური ამოცანები ეროვნული ინტერესების ხარჯზე წყდება. ამიტომაც, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის განსაზღვრისას მთავარი საზომი უნდა იყოს არა ხელისუფლების დღევანდელი კომფორტი, არამედ ქვეყნის ხვალინდელი შესაძლებლობები და მომავალი.
ავტორი
ალექსი ნონიაძე

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·