სტამბოლში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა

2 months ago 14

თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაიწყო აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების დახურული შეხვედრა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, მოლაპარაკება აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში მიმდინარეობს. დელეგაციების შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია.

შეხვედრის წინ მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობებით, სტამბოლში არ განიხილება უკრაინის საკითხი და საუბარი იქნება ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის საელჩოების საქმიანობის ნორმალიზაციაზე.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მაღალი რანგის დიპლომატები განიხილავენ „სისტემურ პრობლემებს“, რომლებიც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ რუსეთის საელჩოს საქმიანობის „უკანონოდ“ და „ხელოვნურად“ შეფერხების შედეგად დაგროვდა და რუსეთმა შესაბამისად უპასუხა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.

აშშ-ში რუსეთის ელჩს ანატოლი ანტონოვს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ამოეწურა, მის შემცვლელად წარდგენილ ალექსანდრ დარჩიევს კი საქმიანობა ამ დრომდე არ დაუწყია ვაშინგტონის ოფიციალური თანხმობის არარსებობის გამო.

რუსეთში აშშ-ის ახალ ელჩად შესაძლოა, დაინიშნოს რიჩარდ ნორლანდი, რომელიც 2012-2015 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო.

სრულად წაკითხვა