სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 14 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ეს შედეგები დაადასტურეს. ეს ცნობა გაავრცელა სასამართლოს თავმჯდომარემ, არმან დილარიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ივლისს დაიწყო წარმოება შვიდი პოლიტიკური ძალის განაცხადების ერთობლივ საქმეზე. განაცხადები ეკუთვნოდათ, მათ შორის, ოპოზიციურ ბლოკის, "ძლიერი სომხეთის" თავმჯდომარეს, სამველ კარაპეტიანს, ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკ "სომხეთს" და გაგიკ ცარუკიანის პარტიას "აყვავებული სომხეთი".
ცარუკიანის პარტია ასაჩუვრებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ხელახალი კენჭისყრა არ გამართულიყო სამ უბანში, სადაც შედეგები გაუქმდა. არჩევნების შედეგით, ამ პარტიას 200-ზე ნაკლები ხმა დააკლდა პარლამენტში მოსახვედრად აუცილებელი, ოთხპროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის.
არჩევნების ოფიციალური შედეგით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ "სამოქალაქო ხელშეკრულება" მიიღო ხმათა თითქმის 50 პროცენტი და შეინარჩუნა მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობა. მეორე ადგილზე, 23 პროცენტით, გავიდა პარტია "ძლიერი სომხეთი", მესამეზე, დაახლოებით 10 პროცენტით - ბლოკი "სომხეთი".
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის "სომხეთმა" და "ძლიერმა სომხეთმა" უარი განაცხადეს არჩევნების შედეგის აღიარებაზე. ისინი ლაპარაკობდნენ ოპოზიციის მიერ განცდილ პოლიტიკურ ზეწოლაზე, დარღვევებზე ხმების დათვლის პროცესში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. სომხეთის ხელისუფლებამ ეს ბრალდებები უარყო.
სომხეთში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლებამაც - სომხეთისა და ევროკავშირის დაახლოების ფონზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთში საარჩევნო კამპანია ჩატარდა დემოკრატიული პროცედურების დარღვევით.

2 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·