სიძულვილის ენის სასამართლოებს 60-მდე საქმე წარუდგინა – შსს

1 hour ago 1

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე.

ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი დასრულდა 7 საქმე.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს განცხადებით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება.


„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით შექმნილმა სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების მონიტორინგის სამმართველომ ფუნქციონირება პირველი ივნისიდან დაიწყო.

სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი სამმართველოს ფუნქციაა სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული, შეურაცხმყოფელი, ადამიანის ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი ხელმძღვანელობს და მას 10 თანამშრომელი ჰყავს, რომლები აკვირდებიან სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა აზრის გამოხატვის ფორმებს და, თუ საჭიროდ ჩათვლიან, საქმეს სასამართლოს გადასცემენ.

სრულად წაკითხვა