„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვების შემდეგ თანამდებობას ტოვებს

8 hours ago 9

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა 24-25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ორი ავარიული გათიშვა.

BMG-მ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით 2 აგვისტოს განაცხადა, რომ ზარდიაშვილი, რომელიც „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ 2025 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან მოხსნეს და რომ მისი სავარაუდო გათავისუფლება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წინასწარ დასკვნებს უკავშირდება. თუმცა, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელმა უარყო, რომ ზარდიაშვილი სემეკის დასკვნების საფუძველზე გაათავისუფლეს და განაცხადა, რომ მან თანამდებობა თავად დატოვა.

სემეკის წინასწარი დასკვნები 24 ივლისის ავარიული გათიშვიდან ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდა. მარეგულირებლის თქმით, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10:49 საათზე მოხდა საქართველოს ენერგოსისტემის გამოყოფა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან და საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებულ რეჟიმში, რა დროსაც დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა. ამის შედეგად ენერგოსისტემაში დაიწყო „კასკადური გამორთვები“ როგორც ელექტროსადგურების, ისე მომხმარებლის. შედეგად კი მოხდა ენერგოსისტემის „სრული ჩაქრობა“.

„აღნიშნული ფაქტის განმაპირობებელი ერთ-ერთი გარემოება გახდა ქვესადგურ „ქუთაისი 220“-დან გამომავალი 110 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „გეგუთი“, რომელიც წარმოადგენს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებას“, – აცხადებს სემეკის სამუშაო ჯგუფი.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა „არ უნდა დალოდებოდა“ ელექტროგადამცემ ხაზებზე სრულფასოვნად სწრაფმოქმედი დაცვების მოწყობას და უნდა განეხორციელებინა არსებული რელეური დაცვის და ავტომატიკის გადაანგარიშება, რათა მინიმუმამდე დაეყვანა თუნდაც აზერბაიჯანთან გამყოფი ავტომატიკის ამოქმედების ალბათობა და ემოქმედა საქართველოს ენერგოსისტემის საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის ინტერესების შესრულებისთვის.

სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ მოცემული საკითხი საჭიროებს ორი მიმართულებით კვლევას: რატომ გაწყდა კავშირი აზერბაიჯანთან და რატომ ვერ შეინარჩუნა საქართველოს ენერგოსისტემამ სტაბილურობა იზოლირებულ რეჟიმში მუშაობისას.

იმავდროულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას საბოტაჟის მუხლით იძიებს.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი „ვერ იტყვის“, გაათავისუფლეს თუ არა ზარდიაშვილი თანამდებობიდან და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უშუალოდ ეკონომიკის სამინისტრო იღებს. მან დასძინა, რომ „ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა