საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

1 month ago 24

17 მაისს, ქვეყნის მასშტაბით გამართულ მსვლელობებს დიდი რაოდენობით ხალხი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ, რადგან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე“ აღნიშნა. ეს დღე 2014 წელს იქნა შემოღებული მას შემდეგ, რაც წინა წელს, 2013 წლის 17 მაისს, სასულიერო პირების მონაწილეობით ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ მცირერიცხოვან აქციაზე ძალადობა მოხდა.

წელს ახლად აღსაყდრებულმა პატრიარქმა შიო III-მ მოუწოდა მორწმუნეებს, შეერთებოდნენ სადღესასწაულო მსვლელობებს და ლიტურგიას თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელთაც ეს დღე 2024 წლის ანტილგბტ კანონმდებლობის ფარგლებში სახალხო დღესასწაულად გამოაცხადეს. მსვლელობაში ასევე მიიღო მონაწილეობა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა.

შიო III-მ, რომელიც ილია II-ის გარდაცვალების შემდეგ 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად აირჩიეს, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან მოუწოდა კანონების მიღებისკენ, რომლებიც დაიცავს ოჯახებს მავნე გენდერული იდეოლოგიისგან, გააფრთხილა, რომ „სხვა ხალხებმა“ შესაძლოა რიცხობრივად გადააჭარბონ ქართველებს და სხვა საკითხებთან ერთად აბორტის წინააღმდეგ გამოვიდა.

„თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ, სამოთხესავით ლამაზ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას, და ამიტომ კარგად მრავლდებიან“, – განაცხადა შიო III-მ და დასძინა: „ასე თუ  გავაგრძელებთ, ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად ქართველობას“.

პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახებსა და ადამიანებს „მავნე გენდერული თეორიებისა და იდეოლოგიისგან“. შიო III-ის თქმით, „უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთი მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ოჯახის დაცვისა და შენარჩუნების ეს მიმართულება“.

შიო III-მ ასევე გაიმეორა თავისი პოზიცია აბორტის წინააღმდეგ და განაცხადა: „თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიცაა აბორტი, მაგალითად, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი და განწირულია ასეთი ოჯახი“.

სადღესასწაულო წირვის დროს შეკრებილ ხალხს ასევე მიმართეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. მათ გამოსვლებში ყურადღება ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას, ასევე ხაზი გაუსვეს მისი მემკვიდრის, შიო III-ის როლს.

„უფლის მთარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის“, – განაცხადა კობახიძემ.

ყაველაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა: „როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა