საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს

1 week ago 12

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა სლოვაკეთის ნაკრებთან თბილისში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ზედიზედ მეორე ითამაშებს ევროპის მთავარ სანაკრებო ტურნირზე.

ბრატისლავაში გამართული დრამატული და უხვგოლიანი მატჩი სლოვაკეთმა 5:3 მოიგო, თუმცა ორი თამაშის ჯამში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 7:6 დაამარცხა.

სლოვაკეთთან შეხვედრაში გოლები გიორგი ჩიმაკაძემ, არჩილ სებისკვერაძემ და ირაკლი თოდუამ გაიტანეს, რომელიც ბრატისლავაში მეასე სანაკრებო მატჩს ატარებდა. ირაკლი თოდუა საქართველოს ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე 29 გოლი და 21 საგოლე პასია.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს შედგება.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე 2022 წელს შედგა. სადებიუტო ევროზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

nakrebi.ge

სრულად წაკითხვა