თბილისმა და ბაქომ ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტს, ასევე დედაქალაქებს შორის ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ პროტოკოლს მოაწერეს ხელი, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ.
შეთანხმებებს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის 18 მაისს ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ მოეწერა ხელი, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის დელეგაცია მსოფლიო ურბანულ ფორუმს დაესწრო, (WUF13).
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი მოიცავს „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას; აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს“.
დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეთანხმებებს „მნიშვნელოვანი“ უწოდა და სხვა საკითხებთან ერთად ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენთან დაკავშირებულ შეთანხმებაზეც ისაუბრა. მან განაცხადა: „ეს მილსადენი, რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას“. მან დასძინა, რომ მილსადენი „არის ჩვენი საკუთრება და რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა ყოველწლიურად ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს“.
დაკავშირებადობის თემაზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და შესაბამისად, ევროპას აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. და ამ კუთხით, ეს შეთანხმებები არის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის“.
შეთანხმებებს ხელი მოეწერა კობახიძისა და ალიევის შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ორივე ქვეყნის მინისტრებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანს შორის „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. მათ ასევე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების „პოზიტიური დინამიკა“ და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს. საქართველოს დელეგაციამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ კომისიის მომდევნო სხდომას „უახლოეს მომავალში“ უმასპინძლოს.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და მათ როლს დაკავშირებადობის გაძლიერებაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრესრელიზში დამატებით განაცხადა, რომ ალიევმა „კმაყოფილებით გაიხსენა მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი და აღნიშნა ამ ვიზიტის წვლილი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში“.
This post is also available in:

59 minutes ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·